ლოკომოტივი თასის ¼ ფინალში გავიდა

ლოკომოტივი თასის ¼ ფინალში გავიდა
18/06/2019

ლოკომოტივი თასის ¼ ფინალში გავიდა

საქართველოს თასის გათამაშების 1/8 ფინალურ შეხვედრაში, რომელიც თელავში, „გივი ჩოხელზე“ გაიმართა, თბილისის „ლოკომოტივი“ ადგილობრივ „თელავს“ დაუპირისპირდა და ირაკლი სიხარულიძის ერთადერთი გოლის წყალობით გაიმარჯვა. ლევან კორღალიძის გუნდი შემდეგ ეტაპზე დამსახურებულად გავიდა და ახლა, წილისყრას დაელოდება, რომ მომდევნო მეტოქის ვინაობა შეიტყოს.

 

რაც შეეხება უშუალოდ მატჩს, თამაში დაბალ ტემპში დაიწყო, რაც, გარკვეულწილად, სიცხისა და მაღალი ტემპერატურის გამოც იყო გამოწვეული. „ლოკომოტივი“ ბურთს აკონტროლებდა, თუმცა, 20 წუთი ისე მიილია, სახიფათო მომენტი არც ერთ კართან არ შექმნილა.

 

ტაიმის ბოლო წუთებში, თბილისელებმა დაწოლა გააძლიერეს და დავით სამურკასოვის ტექნიკური დარტყმა თელაველთა მეკარემ კუთხურზე მოიგერია. მატჩის ერთადერთი გოლი კი, 41-ე წუთზე გავიდა. ცენტრიდან დაწყებული შეტევის შემდეგ, გვალიას ბურთი შონიასგან მიუვიდა. მან კი, საჯარიმოში შეჭრილ სიხარულიძეს ჭკვიანურად შეაყოლა. ლოკოს საუკეთესო მეგოლემ მახვილი კუთხიდან, მცველთან ბრძოლაში დაბალი დარტყმა გაუშვა „თელავის“ კარის მიმართულებით. მეკარე თითქოს ბურთს შეწვდა, თუმცა, ბურთი შორეულ დაბალ კუთხეში შევარდა.

 

გოლის შემდეგ, თბილისელებმა ბურთი კარგად გააკონტროლეს და ტაიმი მშვიდად მიიყვანეს ბოლომდე.

 

 მეორე ტაიმში თელაველები გააქტიურდნენ და ზეწოლა გააძლიერეს. დამაჯერებლად ირჯებოდა ლოკოს დაცვა და მათ არაერთი სახიფათო მომენტის განეიტრალება შეძლეს. რამდენჯერმე მოუხდა თამაში ჩართვა მეკარე ლუკა შეროზიასაც.

 

ლოკოს რიგებში ცვლილებები 62-ე წუთიდან დაიწყო. ირაკლი კომახიძის ნაცვლად, მოედანზე ლუკა ჯაფარიძე გამოჩნდა. აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის ეს ძირითად გუნდში დებიუტი იყო.

 

მსაჯის საფინალო სასტვენმა კი, ოფიციალურად დააფიქსირა „ლოკომოტივის“ ¼ ფინალში გასვლა. ამასთან, უკვე მე-6 მატჩია ლოკოს გოლი არ გაუშვია. ეს მატჩი კი, თბილისელთა წაუგებელ სერიაში უკვე მეშვიდეა.

 

თელავი 0:1 ლოკომოტივი

 

ლოკომოტივი: შეროზია, გურეშიძე, ჭანტურია, სამურკასოვი, შონია, გვალია (ძებნიაური 71), კობახიძე (შეყილაძე 85), ჯიქია, კომახიძე (ჯაფარიძე 62), სიხარულიძე, უბილავა (C)

 

გოლი: სიხარულიძე (41)

 

მთ. მწვრთნელი - ლევან კორღალიძე

more news