ლოკომოტივმა ეროვნული ლიგა 2-ის 21-ე ტურში მარტვილის მერანს 5 უპასუხო გოლი გაუტანა
ლოკომოტივმა ეროვნული ლიგა 2-ის 21-ე ტურში მარტვილის მერანს 5 უპასუხო გოლი გაუტანა
თბილისის ლოკომოტივმა ეროვნული ლიგა 2-ის 21-ე ტურის შეხვედრაში მიხეილ მესხი 2-ზე მარტვილის მერანს უმასპინძლა და დიდი ანგარიშით გაიმარჯვა - 5:0.
სატურნირო თვალსაზრისით ლოკომოტივისთვის ეს მატჩი ძალიან დიდი მნიშვნელობის იყო, რადგან მარტვილის მერანს ამ ტურამდე 17 ქულა ჰქონდა, მე-8 ადგილზე იყო და გასავარდნ ზონაში მყოფ ლოკოს 4 ქულით უსწრებდა.
ჩვენმა გუნდმა თამაში აქტიურად, მაღალ ტემპში დაიწყო და გივი მუკბანიანის პასით თორნიკე კურტანიძემ მე-9 წუთზე ანგარიში გახსნა. კურტანიძემ დუბლი 39-ე წუთზე შეასრულა, ხოლო პირველი ტაიმის საბოლოო ანგარიში 45+1-ე წუთზე გაბრიელ ხუციშვილმა დააფიქსირა - 3:0 ლოკოს სასარგებლოდ.
აღსანიშნავია, რომ კურტანიძეს ეროვნულ ლიგა 2-ში 12 გოლი დაუგროვდა და ბომბარდირთა დავაში ლევან პაპავასა და დათა სიჭინავას გაუთანაბრდა.
მეორე ტაიმში რევაზ გოცირიძემ რამდენიმე ცვლილება განახორციელა, მათ შორის მოედანზე შეიყვანა 16 წლის ალექსანდრე თურქია, რომელსაც ლოკომოტივის მთავარ გუნდში დებიუტი ჰქონდა. მან თავისი პირველი მატჩი გატანილი გოლით აღნიშნა, მოედანზე შესვლიდან 10 წუთში, 77-ე წუთზე თურქიამ ანგარიში 4:0 გახადა, ხოლო შეხვედრაში საბოლოო წერტილი ნიკოლოზ ბაშელეიშვილმა დასვა რომან ჩაჩუას ასისტით 89-ე წუთზე.
შედეგად, ლოკომოტივმა მორიგი სამი ქულა მოიპოვა და ჯამში 16 ქულით კვლავ მე-9 ადგილზეა, თუმცა მარტვილის მერანს 1 ქულამდე მიუახლოვდა, რაც უკვე გადათამაშების ზონაა. სხვაობა 5 ქულამდე შემცირდა მე-7 ადგილოსან ვიტ ჯორჯიასთან, რომელმაც 21-ე ტურში ბოლნისის სიონთან წააგო.
ლოკო მორიგ მატჩს ეროვნულ ლიგა 2-ში 18 აგვისტოს სპაერის წინააღმდეგ ჩაატარებს.
ლოკომოტივი - მარტვილის მერანი I ეროვნული ლიგა 2 I 21-ე ტური
გოლები: კურტანიძე (9, 39), ხუციშვილი (45+1), თურქია (77), ბაშელეიშვილი (89).
ლოკომოტივი: თანდილაშვილი, შეწირული (81 ხინჩიაშვილი), კურტანიძე (67 თურქია), ოზბეთელაშვილი (53 მახარობლიძე), მუკბანიანი (53 ბაშელეიშვილი), ხუციშვილი, გეგუჩაძე, გაბაძე, მენთეშაშვილი (81 მოლაშვილი), ჩაჩუა, ჭანტურია.
მწვრთნელი: რევაზ გოცირიძე.
მარტვილის მერანი: რნიჩი (46 ნანავა), სიდეკუმი, ელბაქიძე, ჭუმბურიძე (75 რუხაია), ჯღამაია, ესანკულოვი (75 არჩაია), ჯურიჩი, მელიავა, სიტნიკოვი, გაგიტი (75 ბაღიშვილი), ლაღაძე (56 გადილია).
მწვრთნელი: ზაურ კიბიშევი
მსაჯები: ბ.ნინუა, ი.უკლება, ზ.ტაბაღუა, დ.ფიფია