ლოკომოტივის პირველი მარცხი მიმდინარე სეზონში

ლოკომოტივის პირველი მარცხი მიმდინარე სეზონში
03/07/2020

ლოკომოტივის პირველი მარცხი მიმდინარე სეზონში

ეროვნული ლიგის მე-4 ტურის პრინციპული მატჩი „ლოკომოტივმა“ „დინამო“ თბილისთან, სტუმრად ითამაშა და ამ სეზონში პირველად დამარცხდა. „მერანთან“ მატჩის შემდეგ, სასტარტო შემადგენლობაში სოსო ფრუიძემ მხოლოდ ერთი ცვლილება განახორციელა და  ბექა დარცმელიას ნაცვლად, საყრდენად თორნიკე ძებნიაური თემურ შონიას შეუწყვილა.

 

გუნდებმა თამაში ფრთხილად დაიწყეს და აქცენტი, ძირითადად, ბურთის ფლობაზე ჰქონდათ გადატანილი. საკმაოდ ხისტი ბრძოლა მიმდინარეობდა ცენტრში უპირატესობის მოსაპოვებლად.

 

„ლოკომოტივი“ გაშვებულ გოლს მე-19 წუთზე გადარჩა, როცა კუციას ეფექტური გარღვევის შემდეგ, ბურთი ზემოდან გადაცდა შეროზიას კარს.  22-ე წუთზე კი, იგივე კუციას ახლო მანძილიდან დარტყმული ლოკოს კარის ხარიხამ მოიგერია.

 

„ლოკომოტივის“ ფეხბურთელებმა კარისკენ პირველად 34-ე წუთზე დაარტყეს, თუმცა, ირაკლი სიხარულიძის გარღვევის შემდეგ, ბურთი „დინამოს“ კარს აცდა. სოსო ფრუიძის გუნდს ანგარიშის გახსნის შესანიშნავი შანსი ჰქონდა მე-40 წუთზე, როცა საჯარიმოში შეჭრილმა დათო კირკიტაძემ მეკარესთან ერთი-ერთზე დატოვა სამურკასოვი; ლოკოს 8 ნომერმა კი, ბურთი პირდაპირ კვასხვაძეს გაარტყა.

 

42-ე წუთზე, „ლოკომოტივი“ უმცირესობაში დარჩა. უხეში თამაშის გამო, გუნდის კაპიტანმა, დავით უბილავამ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანი დატოვა. ტაიმი კი, გატანილი გოლების გარეშე - 0:0 დასრულდა.

 

მეორე ტაიმი ლოგიკური სცენარით დაიწყო. მასპინძლები ბურთს ფლობდნენ და პოზიციურ შეტევებს ავითარებდნენ. ლოკომოტიველები კი, თავს მთელი გუნდით იცავდნენ და კონტრშეტევის შანსს ელოდებოდნენ. ტაიმის დასაწყისშივე, ლუკა შეროზიას რამდენიმე ბურთის მოგერიება მოუწია.

 

გოლი კი, „ლოკომოტივის“ კარში 62-ე წუთზე გავიდა, როცა დინამოელთა მცველის - დავით კობოურის შორი მანძილიდან დარტყმული შეროზიას ხელიდან გაუვარდა და კარში შევარდა.

 

72-ე წუთზე კი, შეროზიას კარში თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, რომელიც ზუსტად თორნიკე კაპანაძემ შეასრულა და „დინამო“ ორი ბურთით დაწინაურდა. 79-ე წუთზე, „ლოკომოტივისთვის“ ანგარიში გამანადგურებელი გახდა. დინამოელთა მორიგი შეტევის დროს, ბურთი საკუთარ კარში თორნიკე კირკიტაძემ ჩაჭრა. მეოთხე გოლი „ლოკომოტივმა“ მსაჯის საფინალო სასტვენამდე რამდენიმე წამით ადრე გაუშვა. საბოლოო ანგარიში ვიტორ პერნამბუკომ დააფიქსირა.

 

„ლოკომოტივმა“ მიმდინარე სეზონში პირველი მარცხი იწვნია და სატურნირო ცხრილის ლიდერობა დაკარგა. მომდევნო ტურში, თბილისელები საკუთარ მოედანზე ბათუმის „დინამოს“ უმასპინძლებენ.

 

 

 

დინამო თბ 4:0 ლოკომოტივი (0:0)

 

ლოკომოტივი: შეროზია, გურეშიძე, ჭანტურია, გაბაძე, უბილავა (C), შონია, ძებნიაური, სამურკასოვი (არველაძე 73), დ.კირკიტაძე (თ.კირკიტაძე 61), კობახიძე (კაპანაძე 45+1), სიხარულიძე

 

გაფრთხილება: უბილავა

 

გაძევება: უბილავა

 

მთ.მწვრთნელი - სოსო ფრუიძე

more news