სოსო ფრუიძის სადებიუტო მატჩი და ლოკოს პირველი ფრე

სოსო ფრუიძის სადებიუტო მატჩი და ლოკოს პირველი ფრე
25/06/2020

სოსო ფრუიძის სადებიუტო მატჩი და ლოკოს პირველი ფრე

კორონავირუსის პანდემიის გამო გამოწვეული იძულებითი პაუზის შემდეგ, დღეს „ლოკომოტივმა“ ეროვნულ ლიგაში პირველი მატჩი და მიმდინარე ჩემპიონატში პირველი ფრე ითამაშა. თბილისის „მერანი“, ჩემპიონატის ცხრილის მოქმედი ლიდერისთვისაც კერკეტი კაკალი აღმოჩნდა.

 

„ლოკომოტივმა“ მატჩი აგრესიულად დაიწყო. თავიდანვე გამოჩნდა, რომ სოსო ფრუიძემ სადებიუტო მატჩში შემტევი სტილი აირჩია. თუმცა, საწყისი 20 წუთი ისე მიიწურა, არც ლოკომოტიველებს დაურტყამთ კარში და არც მეტოქეს შეუწუხებია ლუკა შეროზია.

 

23-ე წუთზე კი, ფრუიძის ფეხბურთელებს ანგარიშის გახსნის შესანიშნავი შანსი ჰქონდათ. ბექა დარცმელიას მიერ სახიფათოდ შესრულებულ საჯარიმო დარტყმას, თავით მეკარესთან ახლოს მდგომი შონია ამატებდა, თუმცა, რევაზ თევდორაძემ ურთულესი ბურთის მოგერიება შეძლო.

 

43-ე წუთზე, ფლანგიდან სანდრო კობახიძის სახიფათო ჩაწოდებულ ბურთს, შორეულ ძელთან დათო კირკიტაძე დახვდა და თავითაც დაარტყა, მაგრამ კარს ააცილა.

 

მეორე ტაიმი „მერანის“ შეტევებით დაიწყო და 50-ე წუთზე, „ლოკომოტივი“ გაშვებულ გოლს ლუკა შეროზიამ გადაარჩინა, რომელმაც ახლოდან თავით დარტყმული, ურთულესი ბურთი კუთხურზე მოიგერია. 3 წუთში კი, გიორგი დათუნაიშვილის დარტყმული, ლოკოს კარის ხარიხამ მოიგერია.

 

თუმცა, ამ 10-წუთიან მონაკვეთში, ფრუიძის გუნდი გაშვებულ გოლს მაინც ვერ გადაურჩა. მეკარისა და მცველების შეუთანხმებელი თამაშის შემდეგ, შეროზიას კარში ბურთი იაგო დეისაძემ გაიტანა. 0:1 და 59-ე წუთზე „ლოკომოტივი“ მდევრის როლში აღმოჩნდა.

 

ანგარიშის გათანაბრება ლოკომოტიველებმა 76-ე წუთზე შეძლეს. კუთხურიდან ბურთი სამურკასოვმა და დარცმელიამ გაითამაშეს. ამ უკანასკნელმა კი, მეტოქის საჯარიმოში გამიზნული, მშვენიერი გადაცემა გააკეთა და ბურთი თავზე დაასვა უმეთვალყურეოდ დატოვებულ შონიას, რომლის ახლო მანძილიდან დარტყმის შემდეგ, თევდორაძეს შანსი არ ჰქონდა - 1:1.

 

84-ე წუთზე კი, „ლოკომოტივის“ შემადგენლობაში განხორციელდა ცვლილება, რომელსაც დიდხანს ველოდით. ერთწლიანი პაუზის შემდეგ, მოედანზე მამია გავაშელიშვილი გამოვიდა.

 

ბოლო წუთებში, ლოკომ მოსაგებად გაიწია, თუმცა, ფეხბურთელებს ამისთვის არც დრო და არც ძალა აღარ ეყოთ. ის კი არა, კონტრშეტევაზე კინაღამ მეორედ დაისაჯნენ. ასე რომ, პირველი ფრე მიმდინარე სეზონში და წინ - რთული კალენდარი. ჯერ ყველაფერი ახლა იწყება.

 

 

ლოკომოტივი 1:1 მერანი თბ (0:0)

 

ლოკომოტივი: შეროზია, გურეშიძე, ჭანტურია, გაბაძე, უბილავა (C), დარცმელია, შონია, სამურკასოვი (ინჯგია 76), დ.კირკიტაძე (თ.კირკიტაძე 77), კობახიძე (გავაშელიშვილი 84), სიხარულიძე

 

გოლი: შონია (76)

 

მთ.მწვრთნელი - სოსო ფრუიძე

more news