ლოკოს მორიგი სამქულიანი გასროლა

ლოკოს მორიგი სამქულიანი გასროლა
14/06/2019

ლოკოს მორიგი სამქულიანი გასროლა

ეროვნული ლიგის მე-18 ტურის შეხვედრაში, „ლოკომოტივმა“ ირაკლი სიხარულიძის მიერ ბოლო წუთზე გატანილი გოლით, ჩემპიონატის ერთ-ერთი ლიდერი - ბათუმის „დინამო“ დაამარცხა და წაუგებელი მატჩების სერია ექვსამდე გაზარდა.

 

ლევან კორღალიძის გუნდმა, მეორე წრის ბოლო და ძალიან მძიმე თამაში მაღალ დონეზე, მაღალ ტემპში და რაც მთავარია, დიდი მოტივაციით ჩაატარა. მიხეილ მესხის სტადიონზე მოსულმა გულშემატკივარმა ორივე ტაიმში უშეღავათო ბრძოლა იხილა.

 

მატჩის პირველი ნახევრის შემდეგ, გუნდები შესვენებაზე ნულოვანი ფრით გავიდნენ. „ლოკომოტივის“ ფეხბურთელებს ასპროცენტიანი საგოლე მომენტები არ ჰქონიათ. ბათუმელებმა კი, ტაიმის მიწურულს რამდენჯერმე გაიწიეს ბულისკერიას კარისკენ და ხიფათიც შექმნეს, თუმცა, თავგანწირულად თამაშობდნენ თბილისელთა მცველები.

 

მეორე ტაიმში, ლოკოს თამაში გაცილებით მწყობრი გახდა. ლევან კორღალიძის გუნდი უფრო ინტენსიურად უტევდა და რამდენჯერმე სტუმართა კარი მიხეილ ალავიძემ იხსნა. მაშინ, როცა ალბათ გოლს აღარავინ ელოდა და მატჩის ძირითადი დროის უკანასკნელი წუთი იწყებოდა, „ლოკომოტივმა“ გაიტანა. თბილისელთა საგოლე შეტევა ცენტრიდან თემურ შონიამ დაიწყო, რომელმაც ზუსტი გადაცემა გაატანა ფლანგზე გაჭრილ სამურკასოვს. ლოკოს „ექვსიანმა“ ბურთი საჯარიმოს ხაზამდე ჩაიტანა და შემდეგ, საჯარიმოში შეჭრილ სიხარულიძეს გადააწოდა. ლოკოს ფორვარდმა ალავიძის კარში დაბალი და ზუსტი დარტყმა გაუშვა - 1:0.

 

მიუხედავად იმისა, რომ მატჩს ძალიან უხეში არ ეთქმოდა, არბიტრმა ფეხბურთელებს 7 ყვითელი ბარათი უჩვენა. აქედან 5, სამწუხაროდ, „ლოკომოტივის“ ფეხბურთელებმა მიიღეს.

 

ამ მოგების შემდეგ, ლევან კორღალიძის გაწვრთნილმა გუნდმა 25 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილის მე-5 საფეხურზე აინაცვლა. თბილისური კლუბის უახლოესი მდევარი საჩხერის „ჩიხურაა“, რომელსაც 23 ქულა აქვს.

 

„ლოკომოტივი“ მომდევნო შეხვედრას თელავში ჩაატარებს, სადაც საქართველოს თასის 1/8 ფინალში თბილისური გუნდი ადგილობრივ „თელავს“ დაუპირისპირდება.

 

ლოკომოტივი 1:0 დინამო ბათუმი

ლოკომოტივი: ბულისკერია, გურეშიძე, ჭანტურია, სამურკასოვი, შონია, კობახიძე (შეყილაძე 78), კომახიძე, სიხარულიძე (ჯიქია 90+4), ძებნიაური, დავითაშვილი, უბილავა (C)

გოლი: სიხარულიძე (88)

მთ.მწვრთნელი: ლევან კორღალიძე

more news