სათასო დაპირისპირებისთვის ლოკომოტივი სრული მობილიზებით მოემზადება

სათასო დაპირისპირებისთვის ლოკომოტივი სრული მობილიზებით მოემზადება
01/09/2020

სათასო დაპირისპირებისთვის ლოკომოტივი სრული მობილიზებით მოემზადება

დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშებაში, ლოკომოტივი 1/8 ფინალური ეტაპიდან ჩაერთვება. 1 სექტემბერს, ფეხბურთის ფედერაციაში სათასო წილისყრა გაიმართა და გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდის მეტოქე, საჩხერის ჩიხურა იქნება. შემდეგ ეტაპზე გამსვლელი გუნდები კი, ერთმატჩიან დაპირისპირებაში გამოვლინდებიან.

 

ლოკომოტივის მთავარი მწვრთნელი სათასო დაპირისპირებას მნიშვნელოვნად მიიჩნევს და გუნდის რესურსებსა და შანსებს აფასებს:

გიორგი ჭიაბრიშვილი: „რა თქმა უნდა, ჩვენთვის უკეთესი იქნებოდა თასის გათამაშება ქვედა ლიგების გუნდებთან შეხვედრით დაგვეწყო. თუმცა, წილისყრისას მეტოქეს ჩვენ არ ვირჩევთ და ვინც შეგვხვდა, მასთან სათამაშოდ მოვემზადებით.

 

ჩვენთვის მნიშვნელოვანი იქნება სათასო დაპირისპირება და მომდევნო ეტაპზე გასვლა. ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. თვითონ მეტოქე, ძლიერია და თასის გათამაშებაში ყოველთვის განსაკუთრებულად კარგად გამოდის. ამ კონკრეტულ, ერთრაუნდიან დაპირისპირებაში ყველაფერია მოსალოდნელი. შანსებს 50/50-ზე შევაფასებ. არც ფავორიტები ვართ და არც აუტსაიდერები.

 

კარგი იქნება, თუ ლოკომოტივი წინა წლის გზას გაიმეორებს. ფინალამდე მისვლა და ტიტულის მოგება სეზონის მშვენიერი დასასრული იქნება. თასის გათამაშება გუნდმა შარშანაც ჩიხურასთან მატჩით დაიწყო. ჩვენთვის მნიშვნელოვანი თამაში იქნება და მობილიზებას გავაკეთებთ, რომ შემდეგ ეტაპზე გავიდეთ. ასე იქნება ყველა მომდევნო თამაშზე.

 

დღევანდელი მოცემულობით, გუნდს ერთბაშად სამი მიმართულებით უწევს ბრძოლა - ევროპა ლიგა, ეროვნული ლიგა და თასის გათამაშება. ქართული გუნდები ასეთ რეჟიმს მაინცდამაინც მიჩვეულები არ ვართ და ამ შემთხვევაში, არც ლოკომოტივია გამონაკლისი. რა თქმა უნდა, კარგია, როცა გაქვს დრო, რომ ძალები აღიდგინო და საქმეს მერე შეუდგე, მაგრამ რას ვიზამთ, ასეთ რეჟიმში ბევრ გუნდს უწევს ცხოვრება.

 

რაც მთავარია, ადამიანური რესურსი გაგვაჩნია და მაქსიმალურად მოვემზადებით. სამ ფრონტზე ბრძოლა გრანდებსაც უჭირთ. ამიტომ, ჩვენც რაღაც პრიორიტეტები უნდა დავსახოთ. ამ შემთხვევაში კი, ჩვენი პრიორიტეტი ისაა, რომ ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ვითამაშოთ კარგად და შემდეგ ეტაპზე გავიდეთ. 17 სექტემბრის შემდეგ, ყველაფერი ნათლად გამოჩნდება. ჩვენ გვაქვს რესურსი, შეგვიძლია ფეხბურთელების ნაწილს ამოსუნთქვის საშუალება მივცეთ და სხვა შემადგენლობა ვათამაშოთ.“

more news