დღეს თბილისის „ლოკომოტივი“ 89 წლის გახდა!

დღეს თბილისის „ლოკომოტივი“ 89 წლის გახდა!
14/08/2025

დღეს თბილისის „ლოკომოტივი“ 89 წლის გახდა!

საფეხბურთო კლუბი თბილისის ლოკომოტივი 1936 წლის 14 აგვისტოს დაარსდა. კლუბი რკინიგზის ტრანსპორტის მუშაკთა საკავშირო ნებაყოფლობით სპორტულ საზოგადოებას წარმოადგენდა.
მასში გაერთიანებული იყვნენ დარგის მუშაკები, ინჟინერ-ტექნიკური პერსონალი, რკინიგზის წარმოება-დაწესებულებათა, სატრანსპორტო მშენებლობისა და მეტროპოლიტენის თანამშრომლები.
ასევე, რკინიგზის სამინისტროს სისტემაში დაქვემდებარებული უმაღლესი და საშუალო სასწავლებლების სტუდენტები და მოსწავლეები.

ლოკომოტივი თამაშობდა საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის კავშირის ჩემპიონატების უმაღლეს (1938 და 1940), პირველ (1939, 1947-1948 და 1957-1970), მეორე (1936-1937, 1981-1982, 1984-1986 და 1988-1989) ლიგებსა და საქართველოს სსრ ჩემპიონატის პირველ ჯგუფში (1937, 1943, 1945, 1955-1956, 1971-1975 და 1983).

ლოკომოტივმა 1980-იანი წლების ბოლოსა და 90-იანი წლების დასაწყისში სახელი რამდენჯერმე შეიცვალა. 1988-1989 წლებში ჩვენი გუნდი ომც ლოკომოტივის სახელით თამაშობდა. 1990-1993 წლებში კლუბი მერანის, ხოლო 1993-1995 წლებში კი მერანი-ბაჩოს სახელს ატარებდა.

1990 წლიდან ჩვენი გუნდი საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატების უმაღლეს (1997), პირველ (1991-1995 და 1996-1997) და მეორე (1990-1991) ლიგებში იღებდა მონაწილეობას.

დამოუკიდებლობის შემდეგ, ლოკომოტივმა პირველ წარმატებას 1997 წელს მიაღწია, როცა გუნდი საქართველოს პირველი ლიგის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. 2001 და 2002 წელს, კლუბი ქვეყნის ვიცე-ჩემპიონი, ზედიდზედ ორჯერ გახდა.

ლოკომოტივი დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის სამგზის მფლობელია. ჩვენმა გუნდმა ქვეყნის თასი 2000, 2002 და 2005 წლებში მოიპოვა. 2001 წელს კი ფინალში ქუთაისის ტორპედოსთან, პენალტების სერიაში დამარცხდა. 2022 წელს საქართველოს თასის ფინალში ლოკომოტივი 2-მა ითამაშა.

ბოლო წლების ისტორიიდან გამოსარჩევია 2020 წელს ჩვენი გუნდის მონაწილეობა უეფა-ს ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე. ლოკომ ჯერ რუმინულ კრაიოვას 2:1 მოუგო, ხოლო შემდეგ მიხეილ მესხზე, მოსკოვის დინამო 2:1 დაამარცხა და დამოუკიდებელი ქართული საკლუბო ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი გამარჯვების შემოქმედად იქცა. 

ლოკომოტივს აქვს თავისი აკადემია, რომელიც თბილისში 4 ლოკაციაზე არის წარმოდგენილი და 600-მდე ახალგაზრდა ფეხბურთელს აერთიანებს.

more news