წაგებათა სერია გრძელდება
წაგებათა სერია გრძელდება
„ლოკომოტივმა“ „საბურთალოსგან“ ოთხი უპასუხო ბურთი გაუშვა და ეროვნულ ლიგაში ზედიზედ მესამე თამაში წააგო.
მატჩი ლევან კორღალიძის გუნდისთვის უსიამოვნოდ დაიწყო. დებიუტშივე შესაცვლელი გახდა ნიკა ჭანტურია, რომელმაც საჯარიმოში მეტოქესთან შეჯახებისას ფეხი დაიზიანა და მის ნაცვლად მოედანზე გიორგი გაბაძე გამოჩნდა.
მატჩის მასპინძლებმა ანგარიში მე-16 წუთზე გახსნეს. გიორგი კოხრეიძის შორეულ და ტექნიკურ დარტყმას ბულისკერიამ ვერაფერი მოუხერხა. „საბურთალომ“ ანგარიშის გახსნა პირველი გოლიდან 3 წუთში მოახერხა. ამჯერად, თავი იური ტაბატაძემ გამოიჩინა.
ამის შემდეგ, „ლოკომოტივს“ რამდენიმე კარგი მომენტი ჰქონდა და ფეხბურთელებს გატანაც მართებდათ. პირველ შემთხვევაში, დათო კირკიტაძის თავური ძელს მოხვდა; დამატებაზე კი, ცარიელ კართან მყოფმა შონიამ ბურთი ზემოდან გადააცილა. მორიგი შანსი ლოკომოტიველებს ბექა დარცმელიას მიერ შესრულებული ჯარიმის შემდეგ ჰქონდათ, როცა საბურთალოელმა მცველებმა ბურთი კარის ხაზიდან გამოიტანეს.
ტაიმის მიწურულს კარგი მომენტი გიორგი გოროზიასაც ჰქონდა, როცა ლოკოს ნახევარმცველმა ბურთი მეტოქის საჯარიმოში კარგ პოზიციაში მიიღო და დაარტყა, თუმცა, კუპატაძემ კუთხურზე მოიგერია. ამას მორიგი შეტევა და ინჯგიას დარტყმა მოჰყვა, რომელიც კვლავ კუპატაძემ გაანეიტრალა.
მეორე ტაიმი 2 წუთის დაწყებული იყო, რომ გიორგი კოხრეიძემ კვლავ ტექნიკური დარტყმით აიღო „ლოკომოტივის“ კარი და თავისი გუნდი 0:3 დააწინაურა.
მეოთხე ბურთი კი, მოედანზე მეორე ტაიმში შეცვლაზე შემოსულმა ანტე გიმ გაგვიტანა, რომელმაც კარგად ისარგებლა ჩვენს საჯარიმოში შექმნილი არეულობით.
პირველი ტაიმისგან განსხვავებით, მეორეში ლოკოს რეალური საგოლე მომენტები აღარ ჰქონია და მატჩის ანგარიშიც აღარ შეცვლილა - 0:4.
საბურთალო 4:0 ლოკომოტივი
ლოკომოტივი: ბულისკერია, გურეშიძე, ჭანტურია (გაბაძე 11), ანდრონიკაშვილი, უბილავა (C), შონია, დარცმელია, დ.კირკიტაძე (გვალია 64), გოროზია (შეყილაძე 54), ინჯგია, სიხარულიძე