ცივი შხაპი დინამოსგან
ცივი შხაპი დინამოსგან
ეროვნული ლიგის 22-ე ტურში, თბილისურ დერბიში „ლოკომოტივი“ „დინამო თბილისთან“ გამანადგურებელი ანგარიშით - 0:6 დამარცხდა.
ლევან კორღალიძის გუნდმა პირველი გოლი მატჩის დებიუტშივე გაუშვა; მე-3 წუთზე, ანგარიში ნიკა ნინუამ გახსნა. ამის შემდეგ, „ლოკომოტივმა“ მეტოქის კარზე ზეწოლა გააძლიერა და ზედიზედ რამდენიმე სახიფათო მომენტიც შექმნა. თუმცა, დასკვნით ფაზაში არაფერი გამოდიოდა.
ლოკომ მეორე გოლი 37-ე წუთზე გაუშვა. კუთხურიდან ჩამოწოდებული ბურთი ბულისკერიას კარში ლევან კუტალიამ გადაგზავნა. ამ გოლიდან 3 წუთში, ნოდარ ქავთარაძემ ანგარიში 3:0 გახადა. პირველი ტაიმის ბოლოს, წერტილი ნიკა ნინუამ დასვა: ახალგაზრდა ნახევარმცველმა ბულისკერიას საჯარიმო დარტყმით მეორედ გაუტანა და „დინამო“ შესვენებაზე ოთხბურთიანი უპირატესობით გავიდა.
მეორე ტაიმის დასაწყისიდან ლევან კორღალიძემ ცვლილებების განხორციელება დაიწყო, თუმცა, ამან თამაშის სურათი თითქმის არ შეცვალა. 71-ე წუთზე, შეცვლაზე შემოსულმა აკაკი შულაიამ გაიტანა მეხუთე გოლი „ლოკომოტივის“ კარში. მეექვსედ კი, ბულისკერიას კარი ასევე შეცვლაზე შემოსულმა კვამე კარიკარიმ, 77-ე წუთზე აიღო.
ამ მარცხის შემდეგ, „ლოკომოტივი“ 32 ქულით კვლავ ცხრილის მეხუთე საფეხურზე დარჩა. ეროვნული ლიგის მომდევნო ტურში, თბილისელები გორში, „დილას“ ესტუმრებიან.