ზურიკო დავითაშვილის დუბლი: ლოკომოტივმა დილა დაამარცხა
ზურიკო დავითაშვილის დუბლი: ლოკომოტივმა დილა დაამარცხა
ეროვნული ლიგის 25-ე ტურში, თბილისის ლოკომოტივმა გორის დილა დაამარცხა. 27 სექტემბერს, მიხეილ მესხის სათადარიგო მოედანზე გამართული მატჩი, ლაშა ჭაღიაშვილის გუნდმა 2-1 მოიგო.
სტუმრებს ორივე გოლი ზურიკო დავითაშვილმა გაუტანა. 17 წლის შემტევმა ეროვნულ ლიგაში სადებიუტო გოლი გაიტანა და ასევე, პირველად გახდა დუბლის ავტორი.
პირველად მოხვდა ძირითად შემადგენლობაში ლოკოს ამერიკელი ლეგიონერი ოლურემი. 33 წლის შემტევმა 86 წუთი ითამაშა.
მატჩის დაწყებამდე, ლოკომოტივისა და დილას ფეხბურთელებმა ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი წუთიერი დუმილით მიაგეს. ზუსტად 25 წლის წინ, 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმი დაეცა.
პირველი ნახევარი უგოლოდ დასრულდა. გატანა ორივე გუნდს შეეძლო, განსაკუთრებით სტუმრებს ჰქონდათ რეალური მომენტი, თუმცა მიკოლა კოვტალიუკს რევაზ თევდორაძემ აჯობა და ბურთი კუთხურზე მოიგერია.
მეორე ტაიმის პირველივე წუთზე, დავითაშვილმა შორეული, უმალაზესი დარტყმით ლოკომოტივი დააწინაურა. გოლის შემდეგ, ლოკოს გატანა მალევე შეეძლო, თუმცა რატი არდაზიშვილმა რეალური შანსი ვერ გამოიყენა.
შორეული დარტყმით გატანას ცდილობდა თეიმურაზ შონია, რომელსაც ლუკა გუგეშაშვილმა აჯობა. ამ ეპიზოდის შემდეგ, თამაშში ჩართვა თევდორაძესაც მოუხდა, მან კიდევ ერთხელ აჯობა გორელთა უკრაინელ ფორვარდს.
55-ე წუთზე ლაშა ჭაღიაშვილმა იძულებითი ცვლილება განახორციელა. უჩა ლობჟანიძე, რომელმაც ტრავმა მიიღო, ლევან ქურდაძემ შეცვალა.
81-ე წუთზე დილამ წონასწორობა აღადგინა. მარცხენა ფლანგიდან თორნიკე გრიგალაშვილის ჩაწოდების შემდეგ, საჯარიმოში ყველას კოვტალიუკმა აჯობა და ანგარიში გაათანაბრა.
გოლამდე, ერთი წუთით ადრე, რატი არდაზიშვილის ნაცვლად თამაშში რევაზ ინჯგია ჩაერთო, რომელმაც გამარჯვების გოლის დროს, საგოლე გადაცემა გააკეთა.
მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეორე წუთზე, მოედნის ცენტრში ბურთი შონიამ ჩაჭრა და კარგი შეტევა წამოიწყო. კომბინაციაში მონაწილეობა დავითაშვილმა და ინჯგიამ მიიღეს. ამ უკანასკნელის პასით დავითაშვილმა გამარჯვების გოლი გაიტანა და მატჩის საბოლოო შედეგი დააფიქსირა.
25 ტურის შემდეგ, ლოკომოტივი 31 ქულით მე-6 ადგილზეა. მომდევნო მატჩს, ლაშა ჭაღიაშვილის გუნდი რუსთავის წინააღმდეგ გამართავს.
ლოკომოტივი: თევდორაძე, უბილავა (კაპ), ლობჟანიძე (ქურდაძე 55), ნ.ჭანტურია, გაბაძე, სამურკასოვი, შონია, დავითაშვილი, კობახიძე, ოლურემი (ჯიქია 86), არდაზიშვილი (ინჯგია 81)
მთავარი მწვრთნელი: ლაშა ჭაღიაშვილი
გაფრთხილება: დავითაშვილი (18), ქურდაძე (56), არდაზიშვილი (67),
არბიტრი: ბ.ნინუა