ოქროს ლიგა - ვლადიმერ ვაშაძის გუნდმა გამარჯვებით დაიწყო
ოქროს ლიგა - ვლადიმერ ვაშაძის გუნდმა გამარჯვებით დაიწყო
თბილისის ლოკომოტივის აკადემიის 17 წლამდე გუნდმა, ოქროს ლიგის პირველ მატჩში ქობულეთის შუქურა დაამარცხა. ვლადიმერ ვაშაძის გუნდმა, ჩელე არენაზე 3:0 მოიგო.
ანგარიში მე-7 წუთზე საბა კიკნაძემ გახსნა. 37-ე წუთზე, შუქურას მეორე გოლი ლუკა ხარძიანმა გაუტანა.
76-ე წუთზე კიკნაძემ დუბლი შეასრულა და მატჩის საბოლოო შედეგი დააფიქსირა. ლოკომოტივი 3 ქულით, ოქროს ლიგის ლიდერია. ვაშაძის გუნდი, ოქროს ლიგის გათამაშებაში მას შემდეგ მოხვდა, რაც 17 წლამდე ლიგის ბ ზონის ჩემპიონი გახდა.
ოქროს ლიგაში, საქართველოს 17 წლამდე ლიგის, სამი სხვადასხვა ზონის გამორჩეული გუნდები თამაშობენ. სწორედ ეს ლიგა გამოავლენს, 2017 წლის ჩემპიონ გუნდს.
მომდევნო ტურში, ლოკომოტივის აკადემიის გუნდი 35 საფეხბურთო სკოლას დაუპირისპირდება. მატჩი 24 ივნისს, საგურამოს ბაზაზე გაიმართება.
ლოკომოტივი (U 17): ანდრიაძე, ჯანაშია, ცანავა (ბაქრაძე 65), ქურდაძე (ჯაფარიძე 55), მაღრაძე, გოგია (აბრამიშვილი75), გობრონიძე, ნანობაშვილი, კიკნაძე, გრძელიძე, ხარძიანი (მუშკუდიანი 75)
მთავარი მწვრთნელი: ვლადიმერ ვაშაძე