ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან
თბილისის ლოკომოტივსა და ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ თვითმმართველობას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის ფარგლებში, ლოკომოტივი სტუდენტური თვითთმართველობის სპორტის დეპარტამენტთან ითანამშრომლებს, რათა სტუდენტებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა მათ სპორტში ჩართულობას შეუწყოს ხელი.
მხარეების შეთანხმების საფუძველზე, ლოკომოტივი პერიოდულად სხვადასხვა სახის სპორტულ აქტივობებს დაგეგმავს, რომელშიც მონაწილეობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებიც მიიღებენ.
თანამშრომლობა დაინტერესებული სტუდენტების ლოკომოტივში გადამზადებასა და მათთვის კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობასაც ითვალისწინებს.
თსუ-სთან გაფორმებული მემორანდუმის მნიშვნელობაზე, ჩვენი კლუბის ტექნიკური დირექტორი გიორგი ყიფიანი საუბრობს.
"მოხარული ვარ, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან მემორანდუმს მოვაწერეთ ხელი. ეს თანამშრომლობა ჩვენი კლუბისთვის მნიშვნელოვანია. სწორედ სტუდენტები და ახალგაზრდები არიან ის ჯგუფი, რომელიც ლოკომოივის სამიზნე აუდიტორიაა. გვინდა, ერთიანი ძალებით, სტუდენტებში ჯასაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას შევუწყოთ ხელი.
ასევე, ვიმედოვნებთ, რომ ახალგაზრდები დაინტერესდებიან ლოკომოტივისა და ეროვნული ლიგის მატჩებით. საგანმანათლებლო დაწესებულებასთან, მსგავსი ტიპის თანამშრომლობა ჩვენთვის პირველია და ვიმედოვნებ, ორივე მხარისთვის სასარგებლო იქნება". - ამბობს ყიფიანი.