პირველი საერთაშორისო მატჩი ლოკომოტივის ისტორიაში - შვედებს თბილისში „გული აუჩუყდათ“
პირველი საერთაშორისო მატჩი ლოკომოტივის ისტორიაში - შვედებს თბილისში „გული აუჩუყდათ“
1959 წლის აპრილის შუა რიცხვებში, ამხანაგური მატჩების ჩასატარებლად, საქართველოს ეწვია შვედეთის ქალაქ სუნდსვალის ორი გუნდის, ოსტერსუნდისა და ესტრანის ფეხბურთელთაგან დაკომპლექტებული ნაკრები.
გადაწყდა, რომ სტუმრები ორ მატჩს თბილისში გამართავდნენ, ერთ კი - ქუთაისში, ხოლო მათი პირველი მეტოქე თბილისის ლოკომოტივი იქნებოდა. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მანამდე რკინიგზელებს უცხოეთის გუნდებთან თამაშის გამოცდილება არ ჰქონდათ, გასაგები გახდება, თუ როგორი მღელვარებითა და მონდომებით ემზადებოდნენ ისინი ამ თამაშისთვის.
უნდა შეგახსენოთ, რომ საკავშირო პირველობებიდან დიდი ხნით ჩამოშორების შემდეგ, იმ წელს ლოკომოტივი კვლავ ჩართეს ბ კლასში და შვედებთან შეხვედრა გუნდის პირველი სერიოზული გამოცდა გახლდათ.
...სითბომ და ყურადღებამ, რომელიც გამოიჩინეს მასპინძლებმა, სტუმრებს პირდაპირ „გული აუჩუყა“ - შვედეთიდან რომ მოვდიოდით, ჩვენში ნამდვილი ზამთარი იყო - მინუს ათი გრადუსი. თქვენთან კი გაზაფხულია ძალაში - განაცხადა დელეგაციის ხელმძღვანელმა.
16 აპრილს „ბურევესტნიკზე“ გაიმართა რკინიგზელთათვის ისტორიული მატჩი. მასპინძლები შესამჩნევ უპირატესობას ფლობდნენ. სამწუხაროდ, თავდამსხმელებმა - ურთქმელიძემ, ჩიჩუამ და კახიანმა ხელსაყრელი მომენტები ვერ გარდასახეს გოლად. თბილისელთა მცველებმა შვედ ფორვარდებს გასაქანი არ მისცეს წარმატების მისაღწევად და ეს მეტად უშეღავათო თამაშიც ასე უგოლოდ დამთავრდა - 0:0
ამონარიდი გარუნ აკოფოვის წიგნიდან - აღორძინებული ლოკომოტივი.