თბილისის ლოკომოტივი 87 წლის გახდა
თბილისის ლოკომოტივი 87 წლის გახდა
დღეს, თბილისის ლოკომოტივის იუბილეა. ჩვენი კლუბი 87 წლის გახდა. ყველაფერი 1936 წლის 14 აგვისტოს დაიწყო.
სსრ კავშირის სახკომსაბჭოს დადგენილებით, 1936 წლის 14 აგვისტოს შეიქმნა რკინიგზის ტრანსპორტის მუშაკთა საკავშირო ნებაყოფლობითი სპორტული საზოგადოება ლოკომოტივი. ამ საზოგადოებაში გაერთიანდნენ დარგის მუშები, ინჟინერ-ტექნიკური პერსონალი, რკინიგზის ტრანსპორტის წამოება-დაწესებულებათა, სატრანსპორტო მშენებლობისა და მეტროპოლიტენის მოსამსახურეები, აგრეთვე რკინიგზის სამინისტროს სისტემაში შემავალი უმაღლესი და საშუალო სასწავლებლების სტუდენტები და მოსწავლეები.
...1940 წელს საზოგადოება დაქუცმაცდა რამდენიმე მონათესავე სპორტულ საზოგადოებად, ტერიტორიული და საწარმოო პრინციპით ჩამოყალიბდა: „ცენტრის ლოკომოტივი“, „სამხრეთის ლოკომოტივი“, შუა-აზიის ლოკომოტივი“, „აღმოსავლეთის ლოკომოტივი“, „ქარხნების ლოკომოტივი“ და სხვა. 1945 წელს კი კვლავ გააერთიანეს ერთ ორგანოდ.
ლოკომოტივი დაარსების დროს მონაწილეობას იღებდა საბჭოთა კავშირის მეორე ლიგაში, სადაც ურიგოდ არ გამოვიდა და მეხუთე ადგილი დაიკავა. 1936 წლის ზაფხულში ლოკომოტივის დებიუტი შედგა სსრ კავშირის თასზე, სადაც ოდესის დინამოსთან 1/16 ფინალური ეტაპის მატჩი 2:2 დასრულდა, განმეორებითი შეხვედრა კი ოდესელებმა 4:3 მოიგეს.
საბჭოთა კავშირის ფეხბურთის ისტორიაში 1938 წლის სეზონი განსაკუთრებულია. ამ წელს საბჭოთა კავშირის უმაღლეს ლიგაში პირველად ითამაშა ლოკომოტივმა და 24-ე ადგილი დაიკავა.
საერთო ჯამში, ლოკომოტივი თამაშობდა საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის კავშირის ჩემპიონატების უმაღლეს (1938 და 1940), პირველ (1939, 1947-1948 და 1957-1970), მეორე (1936-1937, 1981-1982, 1984-1986 და 1988-1989) ლიგებსა და საქართველოს სსრ ჩემპიონატის პირველ ჯგუფში (1937, 1943, 1945, 1955-1956, 1971-1975 და 1983).
ლოკომოტივმა 1980-იანი წლების ბოლოსა და 90-იანი წლების დასაწყისში სახელი რამდენჯერმე შეიცვალა. 1988-1989 წლებში ჩვენი გუნდი ომც ლოკომოტივის სახელით თამაშობდა. 1990-1993 წლებში კლუბი მერანის, ხოლო 1993-1995 წლებში კი მერანი-ბაჩოს სახელს ატარებდა.
1990 წლიდან ჩვენი გუნდი საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატების უმაღლეს (1997), პირველ (1991-1995 და 1996-1997) და მეორე (1990-1991) ლიგებში იღებდა მონაწილეობას.
საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ, თბილისის ლოკომოტივმა პირველი ტიტული 1997 წელს მოიპოვა. ჩვენი გუნდი საქართველოს პირველი ლიგის ჩემპიონი გახდა. აღნიშნული გათამაშება, ლოკომოტივმა მეორედ 2013 წელს მოიგო.
2001 და 2002 წელს, ლოკომოტივი ახლოს იყო ჩემპიონობასთან. ორივე შემთხვევაში, ჩვენმა კლუბმა სეზონი მეორე ადგილზე დაასრულა და შესაბამისად ეროვნული ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონი გახდა.
ლოკომოტივი დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის სამგზის მფლობელია. ჩვენმა გუნდმა ქვეყნის თასი 2000, 2002 და 2005 წლებში მოიპოვა. 2001 წელს კი ფინალში ქუთაისის ტორპედოსთან, პენალტების სერიაში დამარცხდა.
სტატიაში ამონარიდები მოყვანიალია გარუნ აკოფოვის წიგნიდან „აღორძინებული ლოკომოტივი“.