გიორგი ლოლაძე - ყველანაირად ვეცდებით, ვიტალი დარასელიას თასზე საქართველო ვასახელოთ
გიორგი ლოლაძე - ყველანაირად ვეცდებით, ვიტალი დარასელიას თასზე საქართველო ვასახელოთ
2024 წლის ვიტალი დარასელიას სახელობის თასის გათამაშება 23-28 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება. მონაწილეობას 16-წლამდე ფეხბურთელთა 6 გუნდი მიიღებს, მათ შორის თბილისის ლოკომოტივიც.
აღსანიშნავია, რომ წელს პირველად, ტურნირის ყველა მატჩი ბუნებრივსაფარიან მოედანზე ჩატარდება. თბილისის ლოკომოტივის საგურამოს ბაზა ამ ტურნირის ერთ-ერთი მასპინძელი იქნება.
ლოკოს U16 გუნდის მზადებისა და გეგმების შესახებ მთავარი მწვრთნელი გიორგი ლოლაძე გვესაუბრა.
„ორმაგად სასიხარულოა ასეთ ტურნირზე მონაწილეობის მიღება - ეს არის ლეგენდარული ფეხბურთელის, ვიტალი დარასელიას სახელობის ტურნირი და მეორე მხრივ, საერთაშორისო შეჯიბრება.
თამაში გვიწევს ისეთი გუნდების წინააღმდეგ, როგორებიც - იუვენტუსი, უოტფორდი, ვალენსია და გალათასარაი არიან. დინამო თბილისსაც ცალკე აღვნიშნავ. ეს მოტივაციას ზრდის, როგორც - გუნდური, ისე ინდივიდუალური თვალსაზრისით.
ეს ტურნირი ბიჭებისთვის მომავალი უკეთესი ცხოვრებისთვის ტრამპლინი იქნება. პლუს, იმასაც გავიგებთ, თუ რა დონეზეა ჩვენი, ქართული ფეხბურთი აკადემიის თვალსაზრისით და რა დონეზეა წამყვანი ევროპული კლუბების აკადემიის დონე. მოხდება ამის შედარება. კარგი იქნება, თუ მწვრთნელები ერთმანეთს შორის ინფორმაციას გაცვლიან. ვიმედოვნებ, ყველაფერი ჩვენთვის სასიკეთოდ დასრულდება.
აქ, პირველრიგში, აქცენტი შედეგზე არ კეთდება, არამედ - განვითარებასა და ხარისხზე, ასევე კომბინაციურ ფეხბურთზე. თუმცა, ჩვენ ყველა თამაშზე ისე გავდივართ, რომ გამარჯვებულები გამოვიდეთ. შევეცდებით, რაც შეიძლება კარგად წარმოვაჩინოთ თავი როგორც ლოკომოტივის, ასევე საქართველოს სახელით და მოვიგოთ ვიტალი დარასელიას თასი.
მოსამზადებელ პერიოდს რაც შეეხება, გეგმის მიხედვით მივდივართ. რამდენიმე ახალგაზრდა ნიჭიერ ფეხბურთელს ვაკვირდებით. რამდენიმე პოზიციაზე შევსებას ვფიქრობთ, რათა კონკურენცია გაიზარდოს და ხარისხმა მოიმატოს. დაგეგმილი გვაქვს ამხანაგური თამაშები და აქ უფრო კარგად გამოჩნდება, რა დონეზე მოვემზადებით და როგორ მივალთ ძირითად ტურნირამდე. ყველანაირად ვეცდებით, საქართველო ვასახელოთ“, - ამბობს გიორგი ლოლაძე.