დიდი გამარჯვება - ლოკომოტივი ევროპა ლიგის მომდევნო ეტაპზეა

დიდი გამარჯვება - ლოკომოტივი ევროპა ლიგის მომდევნო ეტაპზეა
17/09/2020

დიდი გამარჯვება - ლოკომოტივი ევროპა ლიგის მომდევნო ეტაპზეა

17 სექტემბერს, ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში, თბილისის ლოკომოტივმა მოსკოვის დინამოს ბარიერი გადალახა, კიდევ ერთხელ შეძლო ყველას გაოცება და შემდეგ ეტაპზე დამსახურებულად გავიდა. მოლოდინები დიდი იყო, რადგან რუსულ-ქართულ საფეხბურთო დაპირისპირებას აქ, თბილისში, გულშემატკივარი დიდხანს ელოდა. გიორგი ჭიაბრიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა კი, ოცნების რეალობად ქცევა შეძლო და სტუმრები შინ დამარცხებულები გაისტუმრა.

 

მატჩი ორივე გუნდმა ფრთხილად დაიწყო. ლოკომოტივი ბევრს მუშაობდა ართმევაზე და მე-5 წუთზე, მოსკოველთა საჯარიმოს სიახლოვეს ართმეული ბურთი კარისკენ ირაკლი სიხარულიძემ გაგზავნა.

 

ამის შემდეგ, თამაში თითქოს ოდნავ დამშვიდდა. მე-15 წუთზე კი, სტუმრებს კარისკენ დარტყმის საშუალება მიეცათ და გიორგი მამარდაშვილს რთული ბურთის მოგერიება მოუწია.

 

21-ე წუთზე, თორნიკე კირკიტაძის უსწრაფესი გარღვევა დინამოს მცველებმა საკუთარ საჯარიმოსთან, მხოლოდ ჯარიმით შეაჩერეს. ბექა დარცმელიას დარტყმულის შემდეგ, ლოკომოტივმა ზედიზედ ორი კუთხურის მოწოდება შეძლო.

 

27-ე წუთზე, ლოკომოტივის კაპიტნის გარღვევას იმრანის დარტყმა მოჰყვა. თუმცა, თბილისელთა ერთადერთმა ლეგიონერმა მოსკოველთა კარს ააცილა.

 

33-ე წუთზე, ლოკომოტივის საჯარიმოს ხაზთან სახიფათო საჯარიმო დარტყმა დაინიშნა. უძლიერესი დარტყმა ჯერ მამარდაშვილმა მოიგერია; შემდეგ კი, სიტუაცია მცველებმა განმუხტეს.

 

ტაიმის მიწურულს, უხეშობამაც იმატა და მე-40 წუთისთვის, ყვითელი ბარათი ლოკომოტივის 3 ფეხბურთელს ჰქონდა მიღებული. საერთო ჯამში, პირველი ტაიმი საინტერესო გამოდგა. საინტერესო და სანახაობრივი.

 

მოსკოველებმა ლოკომოტივის კარს მეორე ტაიმის დასაწყისიდანვე შეუტიეს. საწყის წუთებში, ბურთს, სწორედ, სტუმრები ფლობდნენ და პოზიციურ შეტევებს ახორციელებდნენ.

 

52-ე წუთზე, კირკიტაძის გარღვევას, შონიას შორეული დარტყმა მოჰყვა, რომელიც შუნინმა ხელებში დააფიქსირა. კირკიტაძის მორიგ აქტიურობას კი, 54-ე წუთზე, შუნინის კარში სიხარულიძის მიერ გატანილი გოლი მოჰყვა და ჭიაბრიშვილის გუნდი დაწინაურდა.

 

ანგარიში ორამდე მამია გავაშელიშვილმა გაზარდა. ლოკოს ფორვარდი მოედანზე 65-ე წუთიდან გამოჩნდა და 76-ე წუთზე, გოლის გატანა შეძლო. შონიას დარტყმის შემდეგ, მეკარის მიერ ცუდად მოგერიებულ ბურთთან პირველი „გავაშა“ აღმოჩნდა და 2:0.

 

ბოლო წუთებში, მოსკოველებმა ზეწოლა უფრო და უფრო გააძლიერეს. 86-ე წუთზე, გიორგი მამარდაშვილმა სასწაული ბურთის მოგერიება შეძლო; რის შემდეგაც, ლოკომოტივს ძელიც დაეხმარა და სიტუაცია განიმუხტა. 89-ე წუთზე, კობახიძე-სიხარულიძის კომბინაციის შემდეგ, ლოკოს ბომბარდირს დუბლის შესრულებაც შეეძლო, მაგრამ ახლო მანძილიდან ვერ გაიტანა.

 

მოსკოველებს თამაშის გადარჩენის იმედი კომპენსირებულ დროში გაუჩნდათ, როცა არბირტმა მათ სასარგებლოდ თერთმეტმეტრიანი დანიშნა. მამარდაშვილს კომლიჩენკომ აჯობა და გაუტანა. ეს იყო და ეს.

 

ლოკომოტივი შემდეგ ეტაპზეა!

 

 

 

ლოკომოტივი 2:1 დინამო მოსკოვი (0:0)

 

ლოკომოტივი: მამარდაშვილი, გურეშიძე, სანდოხაძე, გაბაძე, უბილავა (C), შონია, დარცმელია, თ.კირკიტაძე (კობახიძე 80), იმრან ულად ომარ (გავაშელიშვილი 65), სამურკასოვი (ძებნიაური 63), სიხარულიძე

 

გოლები: სიხარულიძე (54), გავაშელიშვილი (76)

 

გაფრთხილება: სამურკასოვი, სანდოხაძე, გაბაძე, სიხარულიძე

 

მთ.მწვრთნელი - გიორგი ჭიაბრიშვილი

more news