კობახიძის მე-5 გოლი და მნიშვნელოვანი 3 ქულა სიონთან

კობახიძის მე-5 გოლი და მნიშვნელოვანი 3 ქულა სიონთან
15/09/2018

კობახიძის მე-5 გოლი და მნიშვნელოვანი 3 ქულა სიონთან

ეროვნული ლიგის 24-ე ტურში, თბილისის ლოკომოტივმა ბოლნისის სიონი დაამარცხა. 15 სექტემბერს, მიხეილ მესხის სათადარიგო მოედანზე გამართული მატჩი, ლაშა ჭაღიაშვილის გუნდმა მინიმალური ანგარიშით მოიგო.

ერთადერთი გოლი ოთარ კობახიძის ანგარიშზეა, რომელმაც სტუმართა კარი 48-ე წუთზე აიღო. კობახიძისთვის, სიონთან გოლი მიმდინარე ეროვნულ ლიგაში მეხუთეა.

გოლის ეპიზოდში, მოედნის ცენტრში დავით ჯიქიამ და შეცვლაზე შესულმა ლაშა გვალიამ ითამაშეს კარგად. ლოკოს შემტევმა სიონის იერიში ჩაშალა, საგოლე გადაცემა კი გვალიამ შეასრულა.

გოლიდან რამდენიმე წუთში, კობახიძეს დუბლის შესრულება შეეძლო, თუმცა მისი საჯარიმო დარტყმა ძელს მოხვდა.

სიონთან, ლოკომოტივის შემადგენლობაში დებიუტი ჰქონდა 33 წლის ამერიკელ ოლურემი ჯონს, რომელმაც 68-ე წუთზე ჯიქია შეცვალა.

მოედანზე შესვლიდან რამდენიმე წუტში, რემიმ საჯარიმოსთან კარგად ითამაშა და ზურიკო დავითაშვილი მეკარესთან პირისპირ დატოვა, ლოკოს შემტევს თორნიკე ზარქუამ აჯობა.

გატანა ოლურემს თავადაც შეეძლო, მარჯვენა ფლანგიდან კობახიძის კარგი პასის შემდეგ, ამერიკელი შემტევს ბურთი კარის ხაზთან ახლოს მიუვიდა, თუმცა სტუმართა მეკარემ ზუსტად ითამაშა.

მეორე ნახევრისგან განსხვავებით, პირველ ტაიმში მხოლოდ ორი რეალური საგოლე მომენტი შეიქმნა. გატანა შეეძლოთ სტუმრებს, თუმცა რევაზ თევდორაძემ ზუსტად ითამაშა და ისიანის დარტყმა მოიგერია.

კარგი მომენტი ჰქონდა დავითაშვილსაც, თუმცა მის დარტყმას სიონის მცველი გადაეფარა.

24 ტურის შემდეგ, ლოკომოტივი 28 ქულით მე-6 პოზიციაზეა. მომდევნო მატჩს ლაშა ჭაღიაშვილის გუნდი სტუმრად, კოლხეთი 1913-ის წინააღმდეგ გამართავს.

ლოკომოტივი: თევდორაძე, უბილავა (კაპ), ლობჟანიძე, ჭანტურია, გაბაძე, სამურკასოვი (არდაზიშვილი 86), შონია, კიკაბიძე (გვალია 46), კობახიძე, დავითაშვილი, ჯიქია (ოლურემი 68)

მთავარი მწვრთნელი: ლაშა ჭაღიაშვილი

არბიტრი: პ. მაჭარაძე

more news