ლოკომ ვიტ ჯორჯიასთან ქულები დაკარგა

ლოკომ ვიტ ჯორჯიასთან ქულები დაკარგა
16/08/2019

ლოკომ ვიტ ჯორჯიასთან ქულები დაკარგა

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 24-ე ტურის შეხვედრაში, „ლოკომოტივმა“ „ვიტ ჯორჯიას“ უმასპინძლა და ფრე - 1:1 ითამაშა. ლევან კორღალიძის გუნდმა მეტად მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა.

 

ბურთის კონტროლი „ლოკომოტივმა“ მატჩის საწყისი წუთებიდანვე დაიწყო. მასპინძლები პოზიციური შეტევებით ცდილობდნენ მეტოქის კართან ხიფათის შექმნას.

 

პირველი რეალური მომენტი ლოკოს ფეხბურთელებს დავით სამურკასოვის ფლანგური ჩაწოდების შემდეგ შეექმნათ: ირაკლი სიხარულიძემ ვარდნაში სცადა ბურთის კარში გადაგზავნა და პირდაპირ ვიტელთა მეკარეს მოარტყა.

 

ამის შემდეგ, ლოკოს სწრაფი იერიშის შემდეგ, სიხარულიძემ კარგი პასით მეკარესთან ერთი-ერთზე დატოვა დავით ჯიქია, თუმცა, მან ბურთი კარს ზემოდან გადააცილა.

 

მატჩის პირველი გოლი კი, 26-ე წუთზე გავიდა. საჯარიმოში შეჭრილი გოროზია ვიტელთა მეკარემ წააქცია და არბირტმა ვადაჭკორიამ უყოყმანოდ დანიშნა თერთმეტმეტრიანი, რომელიც გოლად თემურ შონიამ აქცია.

 

ტაიმის უკანასკნელ წუთებზე ირაკლი სიხარულიძემ განახორციელა შედეგიანი დარტყმა, თუმცა, მსაჯმა გოლი თამაშგარეს გამო არ ჩათვალა და ლოკო შესვენებაზე ერთბურთიანი უპირატესობით გავიდა.

 

მეორე ტაიმში თამაშის სცენარი არ შეცვლილა - ლოკო ბურთს ფლობდა და უტევდა; „ვიტ ჯორჯია“ კი, კონტრშეტევებზე ცდილობდა ხეირის ნახვას. ლევან კორღალიძის ფეხბურთელებს მეტოქის კარის აღება არაერთხელ შეეძლოთ და ვალდებულნიც იყვნენ, თუმცა, დამაგვირგვინებელ ფაზაში არაზუსტად ურტყამდნენ. შეცვლაზე შემოსულმა შოთა შეყილაძემ კი, ერთ ეპიზოდში უძლიერესი დარტყმით ბურთი ძელს გაარტყა.

 

საბოლოოდ, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, ამდენი გამოუყენებელი მომენტის შემდეგ, ლოკო დაისაჯა და გოლი საკუთარ კარში მიიღო. 93-ე წუთზე, ვიტელებმა საჯარიმოს სიახლოვიდან ჯარიმის დარტყმის უფლება მოიპოვეს. ანდრო ნემსაძემ ბურთი საჯარიმოში ჩააწოდა და ზურაბ მუსელიანმა ზუსტი და ძლიერი თავური დარტყმით აიღო ბულისკერიას კარი.

 

„ლოკომოტივმა“ მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა. თბილისელები 36 ქულით კვლავ სატურნირო ცხრილის მე-4 პოზიციაზე არიან.

 

ლოკომოტივი 1:1 ვიტ ჯორჯია

ლოკომოტივი: ბულისკერია, გურეშიძე, ანდრონიკაშვილი, კომახიძე, უბილავა (C), ძებნიაური, შონია, სამურკასოვი (გვალია 80), გოროზია (დ.კირკიტაძე 64), ჯიქია (შეყილაძე 75), სიხარულიძე

გოლი: შონია (26 პენ)

გაფრთხილება: ძებნიაური, ჯიქია

more news