ლოკომოტივმა რუსთავთან ქულები გაიყო

ლოკომოტივმა რუსთავთან ქულები გაიყო
22/06/2019

ლოკომოტივმა რუსთავთან ქულები გაიყო

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-19 ტურის მატჩში, „ლოკომოტივმა“ საკუთარ მოედანზე „რუსთავს“ უმასპინძლა.

 

ანგარიში მსაჯის სასტარტო სასტვენიდან 2 წუთში გაიხსნა. შეტევის მარჯვენა ფლანგიდან ბურთი მეტოქის საჯარიმოში ოთო კობახიძემ ჩააწოდა, სადაც ბურთს თავი ირაკლი სიხარულიძემ შეაგება და ლოკომ ანგარიში გახსნა.

 

პირველი ტაიმი თითქმის თანაბარ ბრძოლაში წარიმართა. ტრიბუნაზე თავმოყრილ გულშემატკივარს საინტერესო მომენტების სიმცირე ნამდვილად არ უგრძვნია. ლოკოს რამდენჯერმე შეეძლო გატანა. თუმცა, ზოგჯერ რუსთაველთა მეტოქე თამაშობდა კარგად, ზოგჯერ კი, თბილისელებს ღალატობდათ სიზუსტე.

 

სამწუხაროდ, ტაიმის მიწურულს „ლოკომოტივმა“ გოლი გაუშვა. რუსთაველთა შორეული, ძლიერი დარტყმა ბულისკერიამ ვარდნაში მოიგერია, თუმცა, დამატებაზე იქვე აღმოჩნდა ზაზა ციცქიშვილი და ანგარიში გაათანაბრა.

 

მეორე ტაიმიც თანაბარ ბრძოლაში დაიწყო. ხშირი იყო წვრილმანი ჯარიმები. 71-ე წუთიდან კი, ლევან კორღალიძის გუნდი უმცირესობაში დარჩა. არასპორტული საქციელის გამო, მსაჯმა მოედნიდან ოთო კობახიძე გააძევა. რა თქმა უნდა, ამ ფაქტმა ლოკომოტიველთა თამაშზე გავლენა მოახდინა. თბილისელები პოზიციურ შეტევებს თითქმის ვეღარ ახერხებდნენ და მეტოქისთვის ხიფათის შექმნას, ძირითადად, კონტრშეტევებით ცდილობდნენ. საბოლოოდ, შეხვედრაში მეტი გოლი აღარ გასულა და შეიძლება ითქვას, რომ „ლოკომოტივმა“ დაგეგმილი ქულები დაკარგა.

 

თბილისური კლუბი 26 ქულით კვლავ ცხრილის მე-5 საფეხურზე დარჩა. მომდევნო შეხვედრას ლოკო 25 ივნისს, ჩემპიონატის ამჟამინდელი ლიდერის - „საბურთალოს“ წინააღმდეგ ჩაატარებს.

 

 

ლოკომოტივი 1:1 რუსთავი

 

ლოკომოტივი: ბულისკერია, გურეშიძე, ჭანტურია, სამურკასოვი, გვალია (გოროზია 59), კობახიძე, ჯიქია (შეყილაძე 73), კომახიძე, სიხარულიძე (იაკობიძე 90+2), ძებნიაური, უბილავა

 

გოლი: სიხარულიძე (2)

 

მთ. მწვრთნელი - ლევან კორღალიძე

more news