ლოკოს წაუგებელი სერია გრძელდება

ლოკოს წაუგებელი სერია გრძელდება
23/05/2019

ლოკოს წაუგებელი სერია გრძელდება

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-15 ტურის მატჩში, მიხეილ მესხის სტადიონის სათადარიგო მოედანზე „ლოკომოტივი“ ნომინალური სტუმრის ამპლუაში თბილისის „ვიტ ჯორჯიას“ დაუპირისპირდა.

 

სატურნირო ცხრილში, ვიტელები „ლოკომოტივის“ უახლოესი მდევრები იყვნენ და ამ გუნდებს შორის სხვაობა 4 ქულას შეადგენდა. დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ კი, ლევან კორღალიძის გუნდმა „ვიტ ჯორჯიას“ უკვე 7 ქულით გაუსწრო. ამასთან, ზედიზედ მესამე მატჩია ლოკო ეროვნული ლიგის მატჩებს დამაჯერებლად იგებს.

 

მატჩის პირველი ტაიმის პირველი ნახევარი თითქმის თანაბარ ბრძოლაში წარიმართა. ვიტელები მეტოქეს მედგარ წინააღმდეგობას უწევდნენ. თუმცა, 34-ე წუთზე, თორნიკე კირკიტაძის შორიდან გასროლილმა უზუსტესმა და ძლიერმა დარტყმამ ყველაფერი თავის ადგილზე დააყენა. ლოკო შესვენებაზე ერთბურთიანი უპირატესობით გავიდა.

 

მეორე ტაიმის დასაწყისში, ფაქტობრივად, მსაჯის სასტვენიდან რამდენიმე წამში, დავით სამურკასოვის მშვენიერი პასის შემდეგ, ბურთი ირაკლი სიხარულიძემ მიიღო და საჯარიმოს გარედან, ზუსტი და ტექნიკური დარტყმით მეორედ შეარხია ვიტელთა კარის ბადე.

 

ამის შემდეგ, „ლოკომოტივმა“ ბურთი კარგად დაიჭირა და მეტოქეს თავისი თამაში და ტემპი თავს ბოლომდე მოახვია. ამ მატჩში წერტილი თორნიკე ძებნიაურმა დასვა, რომელიც სანდრო გურეშიძის არყოფნაში, ცენტრალურ მცველად იყო გამწესებული. ახალგაზრდა ფეხბურთელმა მეტოქის კარი 76-ე წუთზე აიღო.

 

ჩემპიონატის 15 ტურის შემდეგ, ჩვენს გუნდს 18 ქულა დაუგროვდა. მომდევნო მატჩს „ლოკომოტივი“ 29 მაისს, კვლავ მიხეილ მესხის სტადიონზე გამართავს და საჩხერის „ჩიხურას“ უმასპინძლებს.

 

ვიტ ჯორჯია 0:3 ლოკომოტივი

ლოკომოტივი: ბულისკერია, ჭანტურია, ძებნიაური, კომახიძე, უბილავა (C), შონია, გვალია, კობახიძე (დავითაშვილი 73), სამურკასოვი (შეყილაძე 80), კირკიტაძე (ჯიქია 77), სიხარულიძე

გოლები: კირკიტაძე (34), სიხარულიძე (46), ძებნიაური (76)

more news