ქიმერიძის დუბლი - საქართველოს 18 წლამდე ნაკრებმა უზბეკეთი დაამარცხა
ქიმერიძის დუბლი - საქართველოს 18 წლამდე ნაკრებმა უზბეკეთი დაამარცხა
საქართველოს 18 წლამდე ნაკრებმა, ამხანაგურ მატჩში უზბეკეთის 18 წლამდე გუნდი დაამარცხა. 2 მაისს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრ ბასაზე გამართული დაპირისპირება, ქართველებმა 4:2 მოიგეს.
ლოკომოტივის აკადემიის 19 წლამდე გუნდიდან, ვასილ მაისურაძემ ნაკრებში 6 ფეხბურთელი მიიწვია. უზბეკებთან დაპირისპირებაში მონაწილეობა ყველა მათგანმა მიიღო.
გუნდის კაპიტანი ლოკომოტივის წევრი სანდრო ანდრონიკაშვილი იყო, რომელმაც მატჩი შეუცვლელად ჩაატარა.
სტუმრებს დუბლი შეუსრულა ლოკომოტივის 19 წლამდე გუნდის წევრმა, აკაკი ქიმერიძემ. საქართველოს ნაკრების ათიანმა გოლები მე-4 და 45-ე წუთებზე გაიტანა. 54-ე წუთზე, უზბეკეთს მეოთხე გოლი მიხეილ ერგემლიძემ, აკაკი ქიმერიძის პასით გაუტანა.
მატჩი სასტარტო შემადგენლობაში ლოკომოტივის აკადემიის კიდევ ორმა წევრმა, ნახევარმცველმა თორნიკე ძებნიაურმა და მარცხენა ფლანგის მცველმა ლაშა ნიკოლეიშვილმა დაიწყო.
ძებნიაური 65-ე, ნიკოლეიშვილი კი 73-ე წუთზე შეცვალეს. 65-ე წუთზე თამაშში, ლოკომოტივის 19 წლამდე გუნდის საუკეთესო ბომბარდირი, ლაშა ოზბეთელაშვილი ჩაერთო, 78-ე წუთზე კი ალექსანდრე შეწირულმა ბექა დარცმველია შეცვალა.
აღსანიშნავია, რომ 18 წლამდე გუნდის მთავარი მწვრთნელი ვასილ მაისურაძე, ასევე, ლოკომოტივის 15 წლამდე გუნდის მთავარი მწვრთნელია. მისი ასისტენტი გიორგი მინაშვილი კი, ლოკომოტივის 19 წლამდე გუნდსა და ლოკომოტივი 2-ს წვრთნის.
ქართველი 18 წლამდელები, უზბეკ თანატოლებთან, მორიგ სპარინგ მატჩს 4 მაისს გამართავენ. ამხანაგური შეხვედრა მიხეილ მესხის სათადარიგო მოედანზე, 17:00 საათზე გაიმართება.