ლოკომოტივის დღესასწაული ბოლნისში - არის ევროპა ლიგა

ლოკომოტივის დღესასწაული ბოლნისში - არის ევროპა ლიგა
23/11/2019

ლოკომოტივის დღესასწაული ბოლნისში - არის ევროპა ლიგა

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 2019 წლის გათამაშების დასრულებამდე ერთი ტურით ადრე, „ლოკომოტივმა“ რამდენჯერმე „გადადებული“ საქმე ბოლნისში გააკეთა და შედეგად, ჩვენი გუნდი მომავალ სეზონში უეფას ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს!

 

ახალგაზრდა სპეციალისტმა - ლევან კორღალიძემ შეძლო და 14-წლიანი პაუზის შემდეგ, თბილისური კლუბი ევროსარბიელზე დააბრუნა.

 

35-ე ტურამდე, ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ იყო, დარჩებოდა თუ არა „ლოკომოტივი“ სატურნირო ცხრილის მე-4 ადგილზე. მისი უახლოესი მდევარი საჩხერის „ჩიხურა“ იყო, რომელთან მარცხის შემდეგაც გაირთულეს თბილისელებმა საქმე.

 

თუმცა, „სიონთან“ დაპირისპირების პირველივე წუთებიდან ცხადი გახდა, რომ ეს დღე „ლოკომოტივის“ იყო. ლევან კორღალიძის გუნდი პირველ ტაიმში შესანიშნავად გამოიყურებოდა და ეს ანგარიშზეც აისახა. ჯერ გუნდის კაპიტანმა - დავით უბილავამ დააწინაურა თავისი გუნდი; მისი გოლიდან 6 წუთში კი, ირაკლი სიხარულიძის აუღებელი თავურით თბილისელთა უპირატესობა ორბურთიანი გახდა.

 

„ლოკომოტივმა“ უამრავი საგოლე მომენტი შექმნა, თუმცა, სამწუხაროდ, დასკვნით ფაზაში ჩვენს ფეხბურთელებს სიზუსტე ღალატობდათ. მოედანზე სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა და საქმე მცირე შეხლა-შემოხლამდეც მივიდა. მასპინძელი გუნდის ფეხბურთელები ემოციებს ვერ თოკავდნენ, რადგან ამ თამაშს მათთვისაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.  

 

„ლოკომოტივის“ მთავარი მწვრთნელი - ლევან კორღალიძე, დისკვალიფიკაციის გამო, მატჩს თვალს ტრიბუნიდან ადევნებდა.

 

„ძალიან რთული ყოფილა, როცა შენი გუნდის თამაშს ტრიბუნიდან ადევნებ თვალს; ბევრად რთული, ვიდრე იქ, დაბლა დგომაა. ვულოცავ ჩემს ფეხბურთელებს ამ დიდ წარმატებას, მათ ეს დაიმსახურეს. წინ თასის ფინალი გვაქვს და ახლა, მთელი სერიოზულობით ამისთვის მოვემზადებით“ - განაცხადა მატჩისშემდგომ კომენტარში ლევან კორღალიძემ.

 

 

სიონი 1:2 ლოკომოტივი

 

ლოკომოტივი: შეროზია, გურეშიძე, ჭანტურია, კომახიძე, უბილავა (C), შონია, დარცმელია (ჯიქია 89), სამურკასოვი (გვალია 73), დ.კირკიტაძე (ანდრონიკაშვილი 90+6), თ.კირკიტაძე, სიხარულიძე

 

გოლები: უბილავა (20), სიხარულიძე (26)

 

მთ.მწვრთნელი - ლევან კორღალიძე

more news