ქულა თელავიდან - მორიგი უხვგოლიანი მატჩი

ქულა თელავიდან - მორიგი უხვგოლიანი მატჩი
29/04/2021

ქულა თელავიდან - მორიგი უხვგოლიანი მატჩი

ეროვნული ლიგის მე-11 ტურში, წინასააღდგომოდ, ლოკომოტივი თელავს ესტუმრა და კახეთიდან მხოლოდ ქულის წამოღება შეძლო.

 

მატჩი ნელ ტემპში, წვრილმანი ჯარიმებით დაიწყო. მე-6 წუთზე კი, ლოკომოტივის შექმნილი პირველივე სახიფათო მომენტი გოლით დასრულდა. კირკიტაძემ ფლანგზე ყველა ჩამოიტოვა და ბურთი, საჯარიმოში უმეთვალყურეოდ დატოვებულ იმრანს გადააწოდა - თბილისელები დაწინაურდნენ. მე-15 წუთზე, თელავმა ანგარიშის გათანაბრება შეძლო. ბაშელეიშვილის შორეული, უძლიერესი დარტყმის შემდეგ, ბურთი ჯერ ხარიხას მოხვდა, შემდეგ, კარის ხაზს და უკან გამოვარდა. არბირტმა გოლი ჩათვალა - 1:1.

 

33-ე წუთზე, ლოკომოტივი უკვე მდევრის როლში აღმოჩნდა. კუთხურიდან ჩამოწოდებული ბურთი მამარდაშვილის კარში ილია ბერიაშვილმა გადაგზავნა და თელავი დააწინაურა - 2:1. ტაიმის დასრულებამდე, თბილისელებზე უფრო სახიფათო მომენტები მასპინძლებს ჰქონდათ, თუმცა, ანგარიში აღარ შეცვლილა.

 

მეორე ტაიმის საწყის წუთებში, თითქმის იგივე სცენარი ვიხილეთ. ლოკომოტივი ბურთს ფლობდა; თელავი კი, კონტრშეტევებზე უაღრესად სახიფათოდ იკბინებოდა. ლოკომოტივმა 72-ე წუთზე გაათანაბრა. იმრანის ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ, ნიკა სანდოხაძის დარტყმული თელავის კარის ბადეში გაეხვა - 2:2.

 

მე-80 წუთზე, კვლავ კუთხური და ამჯერად გურამ კაშიას თავური, თუმცა, თელაველები კარის ხარიხამ იხსნა. 4 წუთში კი, უკვე კირკიტაძის დარტყმა აისხლიტა ძელმა. საბოლოოდ, გუნდებმა ქულები გაიყვეს. 11 ტურის შემდეგ, 15 ქულით, ლოკომოტივი ცხრილის მე-5 ადგილზეა.

 

 

 

 

თელავი 2:2 ლოკომოტივი (2:1)

 

ლოკომოტივი: მამარდაშვილი, სანდოხაძე, კაშია, გაბაძე, უბილავა (C), შონია, დარცმელია (იაკობიძე 64), იმრანი (კახაბრიშვილი 80), კირკიტაძე, გავაშელიშვილი (სამურკასოვი 59), სიხარულიძე

 

გოლები: იმრანი (6), სანდოხაძე (72)

 

გაფრთხილება: გაბაძე, გავაშელიშვილი

 

მთ.მწვრთნელი - გიორგი ჭიაბრიშვილი  

more news