დრამატულად მხიარული მატჩი სამტრედიაში და გოლების წვიმა

დრამატულად მხიარული მატჩი სამტრედიაში და გოლების წვიმა
22/03/2021

დრამატულად მხიარული მატჩი სამტრედიაში და გოლების წვიმა

ეროვნული ლიგის მე-5 ტურის გამორჩეულად სანახაობრივი და დრამატული მატჩი გაიმართა სამტრედიაში, სადაც, ეროსი მანჯგალაძის სტადიონზე, ადგილობრივმა სამტრედიამ ლოკომოტივს უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 3:4 დამარცხდა. არადა, მატჩის პირველი ტაიმის შემდეგ, ვერავინ წარმოიდგენდა მატჩის ასეთი სცენარით განვითარებას.

 

პირველ ტაიმში, სრულ სათამაშო უპირატესობას თბილისელები ფლობდნენ და ეს ბევრ საგოლე მომენტსა და სამ გოლში სავსებით ნათლად გამოიხატა.

 

პირველივე წუთებიდან, მეტოქის მცველების წამება თორნიკე კირკიტაძემ დაიწყო. საპირისპირო ფლანგიდან, მას მხარს არაჩვეულებრივად უბამდა გუნდი კაპიტანი - დავით უბილავა. მშვენიერი მომენტები ჰქონდათ იმრანს და სიხარულიძეს. კირკიტაძემ, მე-16 წუთზე, უძლიერესი დარტყმით ძელიც „მოიკითხა“.

 

პირველი გოლი მე-20 წუთზე, თორნიკე კირკიტაძის აქტიურობის შემდეგ გავიდა. ლოკოს 22-ე ნომერმა საჯარიმოში პასი გააკეთა. ბურთს დარცმელია ჩაუწვა და მასთან ბრძოლაში მყოფმა მესიაჩენკომ ავტოგოლი მიითვალა.

 

32-ე წუთზე, თავი უკვე სამურკასოვმა გამოიჩინა, რომელმაც კირკიტაძის დაგორებული ბურთი ძლიერი დარტყმით გადაგზავნა ქურდაძის კარში. ზუსტად 2 წუთში, კირკიტაძემ უკვე თავად გაიტანა და სტუმართა უპირატესობა სამბურთიანი გახდა. შესვენებამდე, საგოლე მომენტები ჰქონდათ იმრანსა და სამურკასოვს, თუმცა, ანგარიში აღარ გაზრდილა.

 

მეორე ტაიმის პირველივე წუთზე, ურეალურესი მომენტი ვერ გამოიყენა დათო სამურკასოვმა. 51-ე წუთზე, იმრანის დარტყმული ძელს მოხვდა. ამის შემდეგ კი, დაიწყო და რა დაიწყო... ლოკომოტიველებს თამაშის ბედი გადაწყვეტილი ეგონათ და აშკარად მოდუნდნენ. ამით მშვენივრად ისარგებლეს სამტრედიელებმა და 62-ე, 70-ე და 71-ე წუთებზე გატანილი გოლებით, ანგარიში გაათანაბრეს. თამაში უკიდურესად დაიძაბა.

 

83-ე წუთზე, ირაკლი სიხარულიძემ ყველაფერი თავის ადგილას დააყენა, როცა დარცმელიას შესრულებული საჯარიმო დარტყმის შემდეგ, სამტრედიას კარში მეოთხე ბურთი გაიტანა. უკვე დამატებულ წუთებზე, მეკარესთან პირისპირ გასულ გავაშელიშვილს ჰქონდა მშვენიერი შანსი, თუმცა, მამიამ კარს ააცილა და მატჩიც დასრულდა. ლოკომოტივი სანაკრებო შესვენებაზე 10 ქულით გავიდა. გია ჭიაბრიშვილის გუნდი, სატურნირო ცხრილის მე-4 საფეხურზეა.

 

 

 

სამტრედია 3:4 ლოკომოტივი (0:3)

 

ლოკომოტივი: მამარდაშვილი, სანდოხაძე, გურეშიძე, კაშია, უბილავა (C) (მჭედლიშვილი 31), შონია, დარცმელია, სამურკასოვი (გავაშელიშვილი 74), იმრანი (კახაბრიშვილი 63), კირკიტაძე, სიხარულიძე

 

გოლები: მესიაჩენკო (20 სკ), სამურკასოვი (32), კირკიტაძე (34), სიხარულიძე (83)

 

გაფრთხილება: სანდოხაძე, მჭედლიშვილი, გურეშიძე

 

მთ.მწვრთნელი - გიორგი ჭიაბრიშვილი

more news