ორი არჩათვლილი გოლი, მაინც 2:1 და ლოკოს მორიგი 3 ქულა
ორი არჩათვლილი გოლი, მაინც 2:1 და ლოკოს მორიგი 3 ქულა
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-4 ტურის მატჩში, ლოკომოტივმა დინამო არენაზე ქობულეთის შუქურას უმასპინძლა და მორიგი 3 ქულა მოიპოვა. თუმცა, ანგარიში გაცილებით სოლიდური იქნებოდა, მატჩის არბიტრს თბილისური კლუბისთვის 2 ასპროცენტიანი გოლი რომ არ გაეუქმებინა. სატელევიზიო გამეორებაზე, ნათლად გამოჩნდა, რომ მსაჯმა ხერხაძემ სერიოზული შეცდომები დაუშვა.
ლოკომოტივმა თამაში საკუთარ სტილში დაიწყო. ბურთს თბილისელები აკონტროლებდნენ. სტუმრები კი, კონტრშეტევებში ეძებდნენ საკუთარ შანსებს. მეტოქის კარი პირველად ირაკლი სიხარულიძემ აიღო და თითქოს საეჭვო არაფერი იყო, თუმცა, როგორც ზემოთ ვთქვით, მსაჯმა გოლი არ ჩათვალა. რამდენიმე წუთში, თორნიკე კირკიტაძემ გაიტანა ულამაზესი ბურთი, თუმცა.... კვლავ მსაჯი და მისი მცდარი გადაწყვეტილება.
ზოგადად, შეიძლება ითქვას, რომ პირველ ტაიმი მსაჯს აშკარად „ჩაუვარდა“. იყო ეპიზოდი, როცა მან ქობულეთელების რისხვაც დაიმსახურა, როცა სტუმრები ლოკომოტივის საჯარიმოში ხელით თამაშის დაფიქსირებას ითხოვდნენ.
ტაიმის ბოლო წუთებზე იყო იმრანის დარტყმა, რომელიც სუსტი იყო და მეკარემ აიღო. ამას, შონიას შორეული და ძლიერი დარტყმა მოჰყვა, თუმცა, არაზუსტი. გუნდები შესვენებაზე უგოლოდ გავიდნენ.
მეორე ტაიმი ლოკომოტივის იერიშებით დაიწყო. ჭიაბრიშვილის გუნდმა, მეტოქე საკუთარ საჯარიმოს მიაჯაჭვა. გოლი ნელ-ნელა მწიფდებოდა. 49-ე წუთზე, იმრანმა კუთხურიდან ეფექტურად ჩაახვია და ბურთი ძელს მოხვდა. 50-ე წუთზე, მორიგი კუთხურის შემდეგ, თავით გურამ კაშია ურტყამდა და სტუმრები კვლავ ძელმა გადაარჩინა.
ლოკომოტიველებმა ანგარიშის გახსნა 59-ე წუთზე შეძლეს. თავი ეფექტურად მოთამაშე იმრანმა გამოიჩინა. ლოკოს ლეგიონერმა, საჯარიმოს გარედან აუღებელი დაურტყა შუქურას მეკარეს.
64-ე წუთზე, სტუმართა კარში მეორე გოლიც გავიდა. ბექა დარცმელიას შორი და ძლიერი დარტყმის შემდეგ, ბურთი ფეხზე მოხვდა გიორგი რეხვიაშვილს და ლოკომოტივი ორბურთიანი სხვაობით დაწინაურდა.
მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, შუქურას ფეხბურთელებმა ერთი ბურთის გაქვითვა მოახერხეს. საფინალო სასტვენის შემდეგ, კი, ლოკომოტივმა აქტივში მორიგი 3 ქულა ჩაიწერა.
ლოკომოტივი 2:0 შუქურა (0:0)
ლოკომოტივი: მამარდაშვილი, სანდოხაძე, გურეშიძე, კაშია, უბილავა (C) (მჭედლიშვილი 86), შონია, დარცმელია, კირკიტაძე (მუკბანიანი 81), კახაბრიშვილი (სამურკასოვი 46), იმრანი (იაკობიძე 81), სიხარულიძე (გავაშელიშვილი 73)
გოლები: იმრანი (59), დარცმელია (64)
გაფრთხილება: მამარდაშვილი, შონია, დარცმელია
მთ.მწვრთნელი - გიორგი ჭიაბრიშვილი