ლოკომ ევროსაგზური და მესამე ადგილი დილასთან დაკარგა

ლოკომ ევროსაგზური და მესამე ადგილი დილასთან დაკარგა
10/12/2020

ლოკომ ევროსაგზური და მესამე ადგილი დილასთან დაკარგა

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონის გადამწყვეტ მატჩში, ლოკომოტივმა გორის დილას უმასპინძლა. ამ შეხვედრაში წყდებოდა ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორისა და ევროტურნირის საგზურის ბედი.

 

მნიშვნელოვან შეხვედრას, ლოკო კვლავ სერიოზული დანაკლისით შეხვდა. კორონავირუსის გამო, გიორგი ჭიაბრიშვილს ძირითადი შემადგენლობის ბევრი ფეხბურთელი აკლდა.

 

მატჩი მაღალ ტემპში დაიწყო. ლოკომოტივის ფეხბურთელები კარგად კომბინირებდნენ და მოკლე პასებით ცდილობდნენ მეტოქის საჯარიმოსთან მიახლოებას. ბუნებრივია, რომ მატჩის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მოედანზე საკმაო დაძაბულობა იგრძნობოდა. საწყის 20 წუთში, სტუმრებს ორი ძალიან სახიფათო მომენტი ჰქონდათ და აქედან ერთი, გოლითაც დასრულდა. მე-18 წუთზე, კუთხურის შემდეგ, შეროზიას კარი თავური დარტყმით მაისაშვილმა აიღო.

 

გაშვებული გოლის შემდეგ, ლოკომოტივი შეტევაში უკანმოუხედავად არ წასულა. ცხადი იყო, რომ ჭიაბრიშვილის გუნდი დასახულ გეგმას მიჰყვებოდა. 34-ე წუთზე, გორელთა კარის მიმართულებით იმრანი ურტყამდა. თუმცა, ლოკოს ლეგიონერის ტექნიკური დარტყმა სუსტი აღმოჩნდა და მეკარეს ბურთის დაჭერა არ გასჭირვებია.

 

ტაიმის უკანასკნელ წუთზე, საჯარიმოს ხაზიდან შონია ურტყამდა ძლიერად, თუმცა, არაზუსტად. დამატებულ წუთზებზე კი, ლოკომოტიველებმა მეტოქის კართან მცირე შტურმი მოაწყვეს და რომ არა ლუკა გუგეშაშვილი, ანგარიში პირველ ტაიმში გათანაბრდებოდა. თბილისელებმა ტაიმი მინიმალური სხვაობით წააგეს.

 

მეორე ტაიმი ლოკომოტივისთვის უიღბლოდ დაიწყო. საჯარიმოში ხელით თამაშისთვის მეორე ყვითელი ბარათი მიიღო სანდრო გურეშიძემ და მოედანი ნაადრევად დატოვა. შეროზიას კარში დანიშნული თერთმეტმეტრიანი კი, ზუსტად მიკოლა კოვტალიუკმა გამოიყენა.

10 კაცით დარჩენილმა ლოკომოტივმა მეტოქის კარს დიდი ძალებით შეუტია და ამან შედეგი 61-ე წუთზე მოიტანა, როცა ირაკლი სიხარულიძემ ანგარიშის სხვაობა შეამცირა და თავის გუნდს თამაშის გადარჩენის შანსი დაუტოვა.

 

სურათი მატჩის ბოლო წუთებამდე არ შეცვლილა. ლოკომოტივი თავგანწირვით უტევდა. დილა კი, კონტრშეტევაზე ცდილობდა თამაშს. სამწუხაროდ, თბილისელებს არც ძალა და არც დრო აღარ ეყოთ, რომ მატჩი გადაერჩინათ, ევროსაგზური შეენარჩუნებინათ და ჩემპიონატიც მესამე საპრიზო ადგილზე დაესრულებინათ.

 

ასე დასრულდა სეზონი ლოკომოტივისთვის - 29 ქულით, სატურნირო ცხრილის მე-4 ადგილზე.

 

 

ლოკომოტივი 1:2 დილა (0:1)

 

ლოკომოტივი: შეროზია, კაპანაძე (ქველაძე 56), გურეშიძე, ანდრონიკაშვილი, უბილავა (C), ძებნიაური, შონია, თ.კირკიტაძე (კობახიძე 87), იმრანი, გავაშელიშვილი (შეყილაძე 83), სიხარულიძე

 

გოლი: სიხარულიძე (61)

 

გაფრთხილება: გურეშიძე

 

გაძევება: გურეშიძე

 

მთ.მწვრთნელი - გიორგი ჭიაბრიშვილი

more news