საოცარი ქამბექი ბათუმში და საჭირო სამი ქულა

საოცარი ქამბექი ბათუმში და საჭირო სამი ქულა
26/11/2020

საოცარი ქამბექი ბათუმში და საჭირო სამი ქულა

26 ნოემბერს, ბათუმის ახალ არენაზე, ლოკომოტივმა ეროვნული ლიგის გადადებული მატჩი დინამო ბათუმის წინააღმდეგ ითამაშა. გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა, ერთი შეხედვით უიმედო თამაში შემოაბრუნა და ზღვისპირეთიდან უმნიშვნელოვანესი 3 ქულით დაბრუნდა.

 

მთავარი მწვრთნელის განკარგულებაში, ვარჯიშზე დაშავებული გიორგი იაკობიძე და თემურ შონია არ იყვნენ, რომელიც გუნდს ავადმყოფობის გამო გამოაკლდა. შონიას ნაცვლად, ძირითად შემადგენლობაში მატჩი თორნიკე ძებნიაურმა დაიწყო.

 

მატჩის საწყის წუთებში, გუნდებს ერთმანეთისთვის განსაკუთრებულად სწრაფი ტემპი არ შეუთავაზებიათ. ბათუმელებიც და თბილისელებიც ბურთზე კონტროლის შენარჩუნებას და პოზიციურ შეტევებს ცდილობდნენ. პირველი სახიფათო მომენტი ლოკომოტივის კართან მე-9 წუთზე შეიქმნა, როცა ბათუმელთა ძლიერი საგოლე დარტყმა მამარდაშვილმა ბრწყინვალე ნახტომში მოიგერია. ზოგადად, საწყის 15 წუთში, შეცდომებით, ძირითადად, ლოკომოტივის ფეხბურთელები გამოირჩეოდნენ.

 

24-ე წუთზე, კიდევ ერთხელ გაიბრწყინა გიორგი მამარდაშვილმა. ლოკოს 20 წლის გოლკიპერმა, პირისპირ გასულ მეტოქეს საოცარი ბურთი აუღო.

 

პირველი და ყველაზე რეალური მომენტი, ტაიმის ბოლო წუთზე, დათო კირკიტაძეს ჰქონდა. თორნიკე კირკიტაძის ფლანგური გარღვევის შემდეგ, ლოკოს 11 ნომერი საჯარიმოში მეკარის პირისპირ დარჩა, თუმცა, ბურთი პირდაპირ ალავიძეს გაარტყა.

 

მეორე ტაიმი კვლავ მასპინძელი გუნდის აქტიურობით დაიწყო და გიორგი მამარდაშვილს ისევ მოუწია სახიფათო დარტყმის განეიტრალება. თუმცა, 65-ე წუთზე, ლოკომოტივს მეკარემ ვეღარ უშველა. ალავიძის დაწყებული კონტრშეტევა, გოლით ნიქაბაძემ დაასრულა.

 

 

 

ლოკომოტივმა თამაშის შემობრუნება 74-ე წუთიდან დაიწყო. გუნდის კაპიტანმა - დავით უბილავამ ანგარიში გაათანაბრა და ამით, როგორც აღმოჩნდა, საბოლოო გამარჯვებასაც ჩაუყარა საფუძველი.

 

83-ე წუთზე, შეცვლაზე შემოსულმა მამია გავაშელიშვილმა გაიბრწყინა. ლოკოს ფორვარდმა უბილავას პასი შესანიშნავად დაამუშავა, საჯარიმოში ერთ მცველს გასცდა და ალავიძეს შორეულ, დაბალ კუთხეში გაუტანა.

 

დარჩენილ წუთებში, ლოკომოტიველები ჭკვიანურად თამაშობდნენ და მეტოქეს მასირებული შეტევების განხორციელების საშუალებას არ აძლევდნენ. საბოლოოდ, 2:1 და გიორგი ჭიაბრიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა, სამეულში ადგილის დასამკვიდრებლად უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადადგა.

 

 

 

დინამო ბთ ლოკომოტივი (0:0)

 

ლოკომოტივი: მამარდაშვილი, გურეშიძე, სანდოხაძე, გაბაძე, უბილავა (C), დარცმელია, ძებნიაური, სამურკასოვი (გავაშელიშვილი 67), დ.კირკიტაძე (იმრანი 54), თ.კირკიტაძე (კაპანაძე 76), სიხარულიძე

 

გოლები: უბილავა (74), გავაშელიშვილი (83)

 

გაფრთხილება: გურეშიძე, სანდოხაძე

 

მთ.მწვრთნელი - გიორგი ჭიაბრიშვილი

more news