მძიმე ქულა თელავიდან

მძიმე ქულა თელავიდან
20/11/2020

მძიმე ქულა თელავიდან

სანაკრებო პაუზის შემდეგ, ეროვნული ლიგა ლოკომოტივმა გასვლითი მატჩით განაახლა. გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი, თელავს ესტუმრა და დაძაბულ ბრძოლაში შინ ქულით დაბრუნდა.

 

კავკასიონი არენა მატჩის დაწყებამდე უკვე ატალახებული იყო. შესაბამისად, გუნდებმა სანახაობრივი თამაშის ჩვენება ვერ შეძლეს. მძიმე გრუნტმა მატჩს თავისი კვალი აშკარად დაატყო.

 

დისკვალიფიცირებული გიორგი გაბაძის ნაცვლად, თბილისელთა სასტარტო შემადგენლობაში 18 წლის რატი მჭედლიშვილი გამოჩნდა. ასევე, ძირითად შემადგენლობაში დაიწყო მატჩი გიორგი იაკობიძემ.

მატჩი კი, მოსაწყენი ნამდვილად არ იყო. ორივე გუნდი შემტევ ფეხბურთს თამაშობდა; ხშირი იყო ორთაბრძოლები მოედნის ცენტრში და წვრილმანი ჯარიმები. ლოკომოტივმა ანგარიში მატჩის საწყის წუთებშივე გახსნა. მე-15 წუთზე, ბექა დარცმელიას პასის შემდეგ, ირაკლი სიხარულიძემ მეურვე მცველს დაასწრო და ბურთი კარში გადაგზავნა.

 

გაშვებული გოლის შემდეგ, მასპინძლები გააქტიურდნენ და მათი შეტევები უფრო მწვავე გახდა. შესაბამისად, გიორგი მამარდაშვილს უკვე ხშირად უწევდა თამაშში ჩართვა; ჩვენს მცველებს კი - სახიფათო მომენტების განმუხტვა. ლოკომოტივი კონტრშეტევებზე გადაეწყო და თელავს მეტოქის სწრაფი იერიშების მოგერიება უწევდა.

 

პირველი ტაიმისთვის დამატებულ დროში, თელაველთა კუთხურის შემდეგ, ლოკომოტივის კარში გოლი გავიდა, თუმცა, არბიტრმა წესების დარღვევა დააფიქსირა და გოლი გააუქმა, რამაც მასპინძელთა დიდი უკმაყოფილება გამოიწვია და მოედანზე სიტუაცია რამდენიმე წუთით დაიძაბა.

 

ატალახებული მოედნის საფარის გამო, მეორე ტაიმში თამაში უფრო გაჭირდა. მასპინძლებმა ანგარიში 49-ე წუთზე, ცოტნე მოსიაშვილის თერთმეტმეტრიანით გაათანაბრეს. გიორგი მამარდაშვილმა კუთხე გამოიცნო, თუმცა, ბურთს ვერ მიწვდა. 53-ე წუთზე კი, თბილისელთა კარი უკვე ძელმა იხსნა. ლოკომოტივი, ძირითადად, თავს იცავდა. მცველებს ამოსუნთქვის საშუალება არ ჰქონდათ.

 

ტაიმის ბოლომდე, სიტუაცია არ შეცვლილა. ლოკომოტივს შეტევაში არაფერი გამოსდიოდა. სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე კი, ჭიაბრიშვილის გუნდს ეს ანგარიში არ აწყობდა. მატჩის ბოლო ხუთმა წუთმა თბილისელთა შეტევებში ჩაიარა. თუმცა, დასკვნით ფაზაში, ლოკომოტიველები არაზუსტად თამაშობდნენ. 90-ე წუთზე, დარცმელიას დარტყმის შემდეგ, თელავი მეკარემ გადაარჩინა.

საბოლოოდ, 1:1 და 23 ქულით, ლოკომოტივი მე-5 ადგილზე დაქვეითდა.

 

 

 

თელავი 1:1 ლოკომოტივი (0:1)

 

ლოკომოტივი: მამარდაშვილი, გურეშიძე, სანდოხაძე, მჭედლიშვილი, უბილავა (C), შონია, დარცმელია, თ.კირკიტაძე (დ.კირკიტაძე 53), იმრანი (გავაშელიშვილი 64), იაკობიძე (ძებნიაური 46), სიხარულიძე

 

გოლი: სიხარულიძე (15)

 

მთ.მწვრთნელი - გიორგი ჭიაბრიშვილი

more news