#3 ნიკა ჭანტურიას ბლოგი - 10 წელი აგვისტოს ომიდან
#3 ნიკა ჭანტურიას ბლოგი - 10 წელი აგვისტოს ომიდან
25 წლის წინ, აფხაზეთის ომის შემდეგ, ჩემს მშობლებს საკუთარი ქალაქის, ქვეყნის დატოვება მოუხდათ. ორი წლის შემდეგ, მე სწორედ იმ ქვეყნის ტერიტორიაზე დავიბადე, რომლის გამოც, ჩემს ოჯახს ცხოვრება დევნილობაში უწევდა.
რუსეთ-საქართველოს 10 წლისწინანდელი ომის დროს 13 წლის ვიყავი. იქამდე, ბავშვობიდან მოყოლებული, მშობლებისგან, ბევრჯერ მომისმენია ისტორიები აფხაზეთის ომზე.
ყველა ეს ისტორია, აფხაზეთიდან დევნილი 20 000-მდე ადამიანის ცხოვრებას აერთიანებს, 2008 წელს კი ამბები, რომელსაც წლების მანძილზე ვისმენდი, კიდევ ერთხელ იქცა საშინელ რეალობად.
ჩვენ ვართ თაობა, რომელმაც ომს, საკუთარ ქვეყანაში, თვალი ტელევიზიით მიადევნა. აგვისტოს ომის დროს ნანახი უამრავი კადრიდან, რამდენიმე სამუდამოდ დამრჩა მეხსიერებაში.
ფილმებში ნანახს ჰგავდა კადრი, როგორ ბომბავს რუსული თვითმფრინვი მშვიდობიან მოსახლეობას. ქუჩაში წაქცეული ქალის სახე, რომელიც ცეცხლსა და მავთულხლართებს შორის გაწვდილი ხელით ცდილობდა თავის გადარჩენას, ამ ომის ერთ-ერთი ყველაზე ემოციური კადრია.
400-ზე მეტი დაღუპული ადამიანის გარდა, აგვისტოს ომმა დევნილად 100 000-ზე მეტი ადამიანი აქცია.
დასავლეთისკენ მიმავალ გზაზე, ყოველთვის თვალში გვხვდება ფუტკრის სკებივით ჩამწკრივებული სახლები. იქ გადასახლებული ადამიანების ცხოვრება ორად გაიყო, ომამდე და ომის შემდეგ.
ალბათ, არაფერია იმაზე საშინელი, როცა წარმოიდგენ, როგორ ცხოვრობს ვიღაც სხვა, ძალადობით მისაკუთრებულ სახლში, რომელიც მთელი ცხოვრება შენ გეკუთვნოდა.
ასე მოუხდათ საკუთარი სახლის დატოვება ჩემს მშობლებსაც, 25 წლის წინ...
მჯერა, რომ ეს წარმოუდგენელი ბოროტება, რომელიც უკვე 200 წელია სხვადასხვა ფორმით გრძელდება, დასრულდება. და, ამ დასასრულის ავტორი, აუცილებლად ჩვენი თაობა იქნება - თაობა, რომელმაც ომი, საკუთარ ქვეყანაში, ტელევიზიით ნახა.
7 აგვისტო, 2018 წელი.