გიორგი ხიდეშელი: „მზად ვართ სეზონის მეორე ნახევრისთვის“
გიორგი ხიდეშელი: „მზად ვართ სეზონის მეორე ნახევრისთვის“
სეზონის მეორე ნახევრის განახლების წინ ლოკომოტივის მთავარ მწვრთნელს, გიორგი ხიდეშელს გავესაუბრეთ.
გთავაზობთ მოკლე ინტერვიუს, სადაც მწვრთნელი მოსამზადებელ პერიოდზე, გუნდში არსებულ ცვლილებებსა და სეზონის დარჩენილი ნაწილის მიზნებზე საუბრობს.
როგორ შეაფასებდით მოსამზადებელ პერიოდს?
მოსამზადებელი პერიოდით კმაყოფილი ვარ. სამკვირიანი ციკლი გავიარეთ, რომლის განმავლობაში ინტენსიურად ვიმუშავეთ როგორც ფიზიკურ, ისე ტაქტიკურ კომპონენტებზე. ამ პერიოდში ოთხი ამხანაგური მატჩიც ჩავატარეთ, რამაც საშუალება მოგვცა ფეხბურთელები რეალურ სათამაშო გარემოში შეგვეფასებინა. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ მოსამზადებელი ეტაპი სერიოზული ტრავმების გარეშე დავასრულეთ. ვფიქრობ, ამაში ფეხბურთელებთან ერთად სამწვრთნელო და სამედიცინო შტაბის ყოველდღიურმა მუშაობამაც თავისი როლი ითამაშა და მეორე წრეს კარგი განწყობით ვხვდებით.
რა შეიცვალა გუნდში სეზონის მეორე ნახევრის წინ?
მეორე წრის წინ გუნდს 11 ახალი ფეხბურთელი შეუერთდა. მათ შორის არიან როგორც გამოცდილი, ასევე ახალგაზრდა ფეხბურთელები, რაც კონკურენციას კიდევ უფრო ზრდის. სასიხარულოა ისიც, რომ ბევრი მათგანი ლოკომოტივის სისტემას კარგად იცნობს, ამიტომ ადაპტაციის პერიოდი დიდ დროს არ მოითხოვს. ვფიქრობ, ეს გუნდს უფრო მეტ სტაბილურობასა და ხარისხს შესძენს.
რა მიზნები გაქვთ სეზონის დარჩენილ ნაწილში?
ჩვენი მიზანია, ყოველდღიურად წინ წავიწიოთ და ეს მოედანზეც გამოჩნდეს. გვინდა, თითოეულ შეხვედრაში მაქსიმუმი გავიღოთ, ვითამაშოთ ხარისხიანი ფეხბურთი და იმ შედეგისთვის ვიბრძოლოთ, რომელსაც თბილისის ლოკომოტივი იმსახურებს.