5:0 - მეექვსედ ეროვნული ლიგის ისტორიაში
5:0 - მეექვსედ ეროვნული ლიგის ისტორიაში
საქართველოს ეროვნული ლიგის მე-9 ტურში, თბილისის ლოკომოტივმა საჩხერის ჩიხურა 5:0 დაამარცხა. მოქმედ ვიცე-ჩემპიონს ორ-ორი გოლი ირაკლი სიხარულიძემ და მამია გავაშელიშვილმა გაუტანეს, ერთი ბურთი კი გუნდის კაპიტნის, დავით უბილავას ანგარიშზეა.
საქართველოს ჩემპიონატის ისტორიაში, ლოკომოტივმა, ანალოგიური ანგარიშით მეექვსედ მოიგო.
აღსანიშნავია, რომ ექვსიდან სამჯერ, ლოკომოტივმა ამ შედეგის ჩვენება, გიორგი დევდარიანის ხელმძღვანელობით მოახერხა. ჩიხურამდე, ლოკომ ხუთი უპასუხო გოლი კოლხეთი 1913-სა და ქობულეთის შუქურას გაუტანა.
2001 წლის 18 მარტს, ლოკომოტივმა, გივი ნოდიას ხელმძღვანელობით გორის დილას მოუგო 5:0. თბილისში გამართულ მატჩში, გოლები რუსიამ (2), გიორგი შენგელიამ (2) და ჭიჭვეიშვილმა გაიტანეს.
მეორედ, საქართველოს ჩემპიონატში, ლოკომოტივმა ანალოგიური ანგარიშით, იმავე წელს, კახა ცხადაძის ხელმძღვანელობით მოიგო. თბილისელებმა, სტუმრად ბოლნისის სიონს აჯობეს. 2-2 გოლი დათვაძემ და გოდერძიშვილმა გაიტანეს, ერთი ბურთი კი გიორგი ქორიძის ანგარიშზეა.
2002 წლის 28 ოქტომბერს, ჩვენმა გუნდმა ზესტაფონის მეტალურგი დაამარცხა 5:0. ლოკომოტივის მთავარი მწვრთნელი ლუის ცაკარიასი იყო. ზესტაფონში გამართულ მატჩში, დუბლი რუსიამ შეასრულა, თითო-თითო გოლი კი კაიდარაშვილმა კობახიძემ და გივი კვარაცხელიამ გაიტანეს.
მიმდინარე ჩემპიონატში, 4 აპრილს, ჩელე არენაზე, გიორგი დევდარიანის გუნდმა ფოთის კოლხეთი 1913 დაამარცხა. მასპინძლებს ჰეთთრიკი მამია გავაშელიშვილმა შეუსრულა, ხოლო ორი ბურთი ეროვნული ლიგის ბომბარდირმა, ირაკლი სიხარულიძემ გაიტანა.
ზუსტად ოთხ დღეში, ლოკომოტივმა ანალოგიური ანგარიშით ქობულეთის შუქურას მოუგო. სამტრედიაში, ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე გამართულ დაპირისპირებაში, გავაშელიშვილმა და სიხარულიძემ 2-2 გოლი გაიტანეს, ერთხელ კი ნოდარ ქავთარაძემ შეძლო მეტოქის კარის აღება.