ლოკომოტივმა საჩხერის ჩიხურა 3:0 დაამარცხა

ლოკომოტივმა საჩხერის ჩიხურა 3:0 დაამარცხა
23/09/2017

ლოკომოტივმა საჩხერის ჩიხურა 3:0 დაამარცხა

თბილისის ლოკომოტივმა, მიხეილ მესხის სათადარიგო მოედანზე, საჩხერის ჩიხურა დაამარცხა. 23 სექტემბერს, ეროვნული ლიგის 27-ე ტურში, გიორგი დევდარიანის გუნდმა მეტოქეს 3:0 მოუგო.

 

სამტრედიასთან მატჩის შემდეგ, დევდარიანმა სასტარტო შემადგენლობაში ორი ცვლილება განახორციელა. დისკვალიფიცირებული ნოდარ ქავთარაძის ადგილი ლაშა გვალიამ დაიკავა.

 

ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდა თეიმურაზ ღონღაძე, რომელმაც ნიკა ჭანტურიას ნაცვლად ითამაშა. ჩიხურასთან დაპირისპირებაში, ლოკოს ქავთარაძის გარდა, ტრავმირებული ირაკლი კომახიძეც აკლდა.

 

ანგარიში მე-11 წუთზე გაიხსნა. ვატო არველაძის პასით, დინო ჰამზიჩის კარი ირაკლი სიხარულიძემ აიღო.

 

22-ე წუთზე ლოკომ მეორე გოლი გაიტანა. მოედნის სიღრმიდან გეგა დიასამიძემ საჯარიმოში გიორგი გოროზიას კარგი პასი მისცა, რომელმაც ბურთი საჯარიმოში მყოფ სიხარულიძეს დაუგდო და ლოკოს ფორვარდმაც დუბლი შეასრულა.

 

27 წლის თავდამსხმელმა, მიმდინარე სეზონში, ჩიხურას სამივე მატჩში დუბლი შეუსრულა. სიხარულიძე 22 გოლით ეროვნული ლიგის ბომბარდირია.

 

პირველ ნახევარში, ჩვენს გუნდს ანგარიშის გაზრდა კიდევ ორჯერ შეეძლო. ვატო არველაძემ, ერთ-ერთ ეპიზოდში, მარჯვენა ფლანგზე ორი ფეხბურთელი მოატყუა და მეკარისთვის ბურთის თავზე გადაგდება სცადა, თუმა მიზანმა უმტყუნა.

 

ჰეთთრიკის შესრულება შეეძლო სიხარულიძეს, თუმცა არველაძის მსგავსად, მისი დარტყმა კარს მცირე მანძილით აცდა.

 

მატჩის საბოლოო ანგარიში 55-ე წუთზე გეგა დიასამიძემ დააფიქსირა. ლოკოს ათიანმა მოედნის ცენტრიდან საჯარიმომდე მანძილი ბურთით გაიარა, ერთ ფეხბურთელს გასცდა და მეკარეს მარჯვენა დაბალ კუთხეში გაუტანა.

 

ამ ეპიზოდის შემდეგ, რევაზ თევდორაძემ ლოკო რამდენჯერმე გადაარჩინა. ლოკოს მეკარემ, ჯერ შოთა კაშიას თავური დარტყმა მოიგერია კუთხურზე, შემდეგ კი ბესიკ დეკანოიძეს აჯობა.

 

ჩიხურასთან გამარჯვების შემდეგ, ლოკომოტივს 45 ქულა აქვს და მეოთხე ადგილზეა. მომდევნო მატჩს, გიორგი დევდარიანის გუნდი ბათუმის დინამოსთან გამართავს. დაპირისპირება 30 სექტემბერს, მიხეილ მესხის სათადარიგო მოედანზე, 16:00 საათზე გაიმართება.


ლოკომოტივი:
თევდორაძე, უბილავა (კაპ), რეხვიაშვილი, კობახიძე, ღონღაძე, გვალია, სამურკასოვი, დიასამიძე (ანდრონიკაშვილი 75), გოროზია (კიკაბიძე 65), არველაძე (გავაშელიშვილი 69), სიხარულიძე

მთავარი მწვრთნელი: გიორგი დევდარიანი

 

გაფრთხილება: ღონღაძე (18), არველაძე (62)

არბიტრი: ი.კვირიკაშვილი

more news