რევაზ გოცირიძე - ეს კარგი გამოცდილება იყო, სეზონი ლოგიკურად დასრულდა
რევაზ გოცირიძე - ეს კარგი გამოცდილება იყო, სეზონი ლოგიკურად დასრულდა
თბილისის ლოკომოტივმა ეროვნული ლიგა 2-ის 2023 წლის სეზონში ასპარეზობა მე-8 ადგილზე დაასრულა. შემდეგ ჩვენმა გუნდმა პლეი აუტში რუსთავი ორი მატჩის ჯამში 7:4 დაამარცხა და ლიგაში ადგილი შეინარჩუნა.
განვლილ სეზონთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება ლოკოს მთავარ მწვრთნელს, რევაზ გოცირიძეს ვთხოვეთ.
„რაც შეეხება განვლილ ჩემპიონატს, ვფიქრობ, რომ მესამე და მეოთხე წრე გუნდმა ნორმალურად ჩაატარა. უკეთეს და სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობდა. იმ მძიმე ვითარებიდან ამოვედით, რასაც ბოლო ადგილი ჰქვია გათამაშებაში, საბოლოოდ პლეი აუტით დავრჩით ლიგაში.
რუსთავთან დამსახურებულად გავიმარჯვეთ და ადგილი შევინარჩუნეთ ეროვნულ ლიგა 2-ში. უბრალოდ, მეორე თამაშში ბოლო 10 წუთი მოვდუნდით, ანგარიში 3:1 იყო ჩვენ სასარგებლოდ და საბოლოოდ დავმარცხდით, რაც ძალიან არასასიამოვნო იყო. მსგავსი რამ არ უნდა ხდებოდეს, თამაში ბოლომდე უნდა მიიყვანო, მაგრამ ახალგაზრდა ფეხბურთელებს სჩვევიათ, ყველაფრის დასრულებულად ჩათვლა.
ეს კარგი გამოცდილება იყო ჩვენთვის. მინდა, რომ ფეხბურთელებს მადლობა გადავუხადო გაწეული სამუშაოსთვის. ვფიქრობ, წლევანდელი სეზონი ლოგიკურად დასრულდა“, - განაცხადა რევაზ გოცირიძემ.