საგურამოში ბოლნისის სიონს მივიღებთ

საგურამოში ბოლნისის სიონს მივიღებთ
20/11/2025

საგურამოში ბოლნისის სიონს მივიღებთ

ეროვნული ლიგა 2-ის 33-ე ტურში თბილისის ლოკომოტივი საგურამოში ბოლნისის სიონს მიიღებს. 32 ტურის შემდეგ ლოკო 39 ქულით მე-6 ადგილზეა, ფლეი-აუტის ზონას 3 ქულით უსწრებს. სიონი 36 ქულით მე-8 პოზიციაზეა.

 

ლოკოსა და სიონის მატჩი საგურამოში ხვალ, 21 ნოემბერს 17:00 საათზე დაიწყება.

 

მიმდინარე სეზონში ბოლნისურ გუნდს სამჯერ ვითამაშეთ. მე-6 ტურში სიონმა შინ 1:0 მოიგო, გოლი მე-6 წუთზე ალექსანდრე ვერულიძემ გაიტანა. მე-15 ტურში ლოკო - სიონის მატჩი საგურამოში უგოლოდ დასრულდა.

 

მესამე მატჩი უხვგოლიანი და საინტერესო გამოვიდა, 24-ე ტურში ბოლნისის სიონი შინ თბილისის ლოკომოტივთან 3:5 დამარცხდა. მე-8 წუთზე ლუკა კეკელიძის საგოლე პასით ლაშა კოხრეიძემ დაგვაწინაურა. 24-ე წუთზე კოხრეიძემ დუბლი შეასრულა. 31-ე წუთზე „სიონმა'' პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვა, დათა სიჭინავას დარტყმული თერთმეტმეტრიანი საბა ასანიძემ მოიგერია, თუმცა სიჭინავამ დამატებაზე გაიტანა, სხვაობა შეამცირა. 33-ე წუთზე კოხრეიძის მესამე გოლით ორბურთიანი სხვაობა აღდგა. 42-ე წუთზე მეხრუბონ ქარიმოვის ავტოგოლით ანგარიში 2:3 გახდა. 53-ე წუთზე სიჭინავამ დუბლი შეასრულა - 3:3. 68-ე წუთზე ლუკა კეკელიძემ დაგვაწინაურა, 75-ე წუთზე კოხრეიძემ პოკერი შეასრულა. 79-ე წუთზე დათა სიჭინავას მესამე გოლის გატანა შეეძლო, თუმცა პენალტი ვერ გამოიყენა, ასანიძემ ამჯერადაც გამოიცნო დარტყმის მიმართულება. მოკლედ, ჩვენი გუნდის მეკარემ ორი თერთმეტმეტრიანი მოიგერია. აღსანიშნავია, რომ საბა ლოკოს აკადემიის 17 წლის მეკარეა და მთავარ გუნდში პირველად სიონთან ითამაშა, იმ მატჩში 16 წლის იყო.

 

more news