ასაკობრივი ჩემპიონატები მარტიდან დაიწყება

ასაკობრივი ჩემპიონატები მარტიდან დაიწყება
25/02/2020

ასაკობრივი ჩემპიონატები მარტიდან დაიწყება

დასასრულს უახლოვდება ზამთრის შესვენება და ჩვენი აკადემიის ასაკობრივი გუნდებიც ჩემპიონატების განახლებისთვის ინტენსიურად ემზადებიან.

 

19-წლამდელთა ოქროს ლიგის ახალი სეზონი, 8 მარტიდან დაიწყება. ჩემპიონატი ათგუნდიანია და მასში, „ლოკომოტივთან“ ერთად, „დინამო“ თბილისი, გორის „დილა“, „დინამო“ ბათუმი, ქუთაისის „ტორპედო“, „დინამო“ ზუგდიდი, „ვიტ ჯორჯია“, „საბურთალო“, „გაგრა“ და „შევარდენი 1906“ ითამაშებენ.

 

პირველი ტურის შეხვედრები 8 მარტს გაიმართება და „ლოკომოტივი“ გასვლით მატჩს, „ბენდელაზე“, „საბურთალოს“ წინააღმდეგ ჩაატარებს. 13 მარტს კი, ჩვენი გუნდი კვლავ სტუმრად ითამაშებს და „დინამო“ თბილისს დაუპირისპირდება. ასე რომ, ჩემპიონატს პრინციპულ მეტოქეებთან, დაძაბული შეხვედრებით ვიწყებთ. პირველ საშინაო შეხვედრას კი, ლოკოს 19-წლამდელები 21 მარტს, „ვიტ ჯორჯიასთან“ ითამაშებენ.

 

„ლოკომოტივის“ 17-წლამდელთა გუნდი კი, ახალ სეზონს 6 მარტს დაიწყებს. ამ ასაკობრივი კატეგორიის ოქროს ლიგის გათამაშებაც 10-გუნდიანია და მასში მონაწილეობენ: „დინამო“ თბილისი, „დინამო“ ბათუმი, „ტორპედო“, „საბურთალო“, „დინამო“ თბილისი 2, სფფ აკადემია, „ავაზა“, „საბურთალო 2“ და „სალხინო“.

 

ლოკოს 17-წლამდელები პირველ შეხვედრას საკუთარ მოედანზე გამართავენ და სფფ აკადემიის გუნდს უმასპინძლებენ. 15 მარტს კი, მეორე ტურის შეხვედრაში „საბურთალოს“ ესტუმრებიან.

 

ასევე, 6 მარტს დაიწყებს ჩემპიონატს „ლოკომოტივის“ აკადემიის 15-წლამდელთა გუნდიც. ახალ სეზონში, ჩვენი მეტოქეები იქნებიან: „დინამო“ თბილისი, „დინამო“ ბათუმი, „ტორპედო“, „საბურთალო“, „დინამო“ თბილისი 2, სფფ აკადემია, „ავაზა“, სფფ აკადემია ზუგდიდი და „სალხინო“.

 

17-წლამდელთა მსგავსად, 6 მარტს, 15-წლამდელებიც სფფ აკადემიის ასაკობრივ გუნდს უმასპინძლებენ და 15 მარტს, „საბურთალოსთან“ სტუმრად ითამაშებენ.

more news