14 აგვისტო თბილისის ლოკომოტივის დაბადების დღეა - ჩვენი გუნდი 88 წლის გახდა

14 აგვისტო თბილისის ლოკომოტივის დაბადების დღეა - ჩვენი გუნდი 88 წლის გახდა
13/08/2024

14 აგვისტო თბილისის ლოკომოტივის დაბადების დღეა - ჩვენი გუნდი 88 წლის გახდა

14 აგვისტო თბილისის ლოკომოტივის დაბადების დღეა. ჩვენი გუნდი 1936 წელს ამ დღეს დაარსდა და 88 წლის იუბილეს აღნიშნავს.

 

სსრ კავშირის სახკომსაბჭოს დადგენილებით, 1936 წლის 14 აგვისტოს შეიქმნა რკინიგზის ტრანსპორტის მუშაკთა საკავშირო ნებაყოფლობითი სპორტული საზოგადოება ლოკომოტივი.

 

ლოკომოტივი დაარსების დროს მონაწილეობას იღებდა საბჭოთა კავშირის მეორე ლიგაში, სადაც ურიგოდ არ გამოვიდა და მეხუთე ადგილი დაიკავა. 1936 წლის ზაფხულში ლოკომოტივის დებიუტი შედგა სსრ კავშირის თასზე.

 

1938 წლის სეზონი განსაკუთრებულია. ამ წელს საბჭოთა კავშირის უმაღლეს ლიგაში პირველად ითამაშა ლოკომოტივმა.

 

ჯამში, ლოკომოტივი თამაშობდა საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის კავშირის ჩემპიონატების უმაღლეს (1938 და 1940), პირველ (1939, 1947-1948 და 1957-1970), მეორე (1936-1937, 1981-1982, 1984-1986 და 1988-1989) ლიგებსა და საქართველოს სსრ ჩემპიონატის პირველ ჯგუფში (1937, 1943, 1945, 1955-1956, 1971-1975 და 1983).

 


1990 წლიდან ჩვენი გუნდი საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატების უმაღლეს, პირველ და მეორე ლიგებში იღებდა მონაწილეობას.

 

საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ, თბილისის ლოკომოტივმა პირველი ტიტული 1997 წელს მოიპოვა. ჩვენი გუნდი საქართველოს პირველი ლიგის ჩემპიონი გახდა. აღნიშნული გათამაშება, ლოკომოტივმა მეორედ 2013 წელს მოიგო.

 

2001 და 2002 წელს, ლოკომოტივი ახლოს იყო უმაღლეს დივიზიონში ჩემპიონობასთან. ორივე შემთხვევაში, ჩვენმა კლუბმა სეზონი მეორე ადგილზე დაასრულა და შესაბამისად ეროვნული ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონი გახდა.

 

ლოკომოტივი დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის სამგზის მფლობელია. ჩვენმა გუნდმა ქვეყნის თასი 2000, 2002 და 2005 წლებში მოიპოვა. 2001 წელს კი ფინალში ქუთაისის ტორპედოსთან, პენალტების სერიაში დამარცხდა. 2022 წელს საქართველოს თასის ფინალში ლოკომოტივი 2-მა ითამაშა.

 

ბოლო წლების ისტორიიდან გამოსარჩევია 2020 წელს ჩვენი გუნდის მონაწილეობა უეფა-ს ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე. ლოკომ ჯერ რუმინულ კრაიოვას 2:1 მოუგო, ხოლო შემდეგ მიხეილ მესხზე მოსკოვის დინამო 2:1 დაამარცხა და დამოუკიდებელი ქართული საკლუბო ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი გამარჯვების შემოქმედად იქცა. 

 

სტატიაში ამონარიდები მოყვანიალია გარუნ აკოფოვის წიგნიდან „აღორძინებული ლოკომოტივი“.

more news