3 ქულა ეროვნული ლიგის ლიდერთან - ლოკომ საბურთალო დაამარცხა
3 ქულა ეროვნული ლიგის ლიდერთან - ლოკომ საბურთალო დაამარცხა
ეროვნული ლიგის მე-5 ტურში, თბილისის ლოკომოტივმა საბურთალო დაამარცხა. 4 აპრილს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, ლაშა ჭაღიაშვილის გუნდმა, მეტოქეს 1:2 მოუგო.
საბურთალო, მიმდინარე ეროვნულ ლიგაში, ერთადერთი გუნდი იყო, რომელმაც ოთხივე მატჩი მოიგო.
აღსანიშნავია, რომ საბურთალოსთან გამარჯვება, ლოკომოტივისთვის, საქართველოს ჩემპიონატების ეგიდით, მე-200 იყო.
ჩიხურასთან მატჩის შემდეგ, ლოკოს მთავარმა მწვრთნელმა ძირითად შემადგენლობაში ორი ცვლილება განახორციელა.
დისკვალიფიცირებული გიორგი გაბაძე, მარჯვენა მცველის პოზციაზე თეიმურაზ ღონღაძემ შეცვალა, დაცვის ცენტრში, დაჩი ცნობილაძის ადგილი ლოკოს ახალწვეულმა, უჩა ლობჟანიძემ დაიკავა.
მატჩის დებიუტში, გუნდები სათამაშო უპირატესობის მოსაპოვებლად იბრძოდნენ. ტაიმის შუაში, მასპინძლებმა ორი სახიფათო მომენტი შექმნეს.
ლოკოს კარს, ორივე შემთხვევაში თორნიკე გორგიაშვილი დაემუქრა, თუმცა მისი პირველი ცდა არაზუსტი იყო, მეორედ კი რევაზ თევდორაძემ აჯობა და ბურთი კუთხურზე მოიგერია.
მატჩის 26-ე წუთზე, ლოკოს ნახევარმცველი თემურ შონია დაშავდა და თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო. მის ნაცვლად, მოედანზე თორნიკე ძებნიაური შევიდა.
18 წლის ნახევარმცველმა ლოკომოტივის შემადგენლობაში სადებიუტო მატჩი ჩაატარა. ძებნიაურმა საიმედოდ ითამაშა და მოედნის ცენტრში, საბურთალოს დაწყებული ბევრი შეტევა გაანეიტრალა.
ტაიმის მიწურულს, ანგარიშის გახსნა ლოკომოტივს შეეძლო. ზურიკო დავითაშვილს გოლამდე მცირედი დააკლდა, მისი დარტყმა ხარიხას მოხვდა.
მეორე ნახევარში, ლოკომოტივმა თამაში კონტრშეტევებზე ააგო. 57-ე წუთზე, ლაშა გვალიამ მეტოქის ნახევარზე ბურთი მოიპოვა, შეტევა ვატო არველაძემ გააგრძელა და რამდენიმე ფეხბურთელის ჩამოშორების შემდეგ, ლამაზი გოლი გაიტანა.
69-ე წუთზე, დავით ჯიქიამ ტრავმა მიიღო და მის ნაცვლად თამაშში რომან ჭანტურია ჩაერთო.
71-ე წუთზე, მასპინძელთა კარი მამია გავაშელიშვილმა აიღო და მიმდინარე სეზონში პირველი გოლი გაიტანა. ლოკოს ფორვარდმა, საბურთალოს საჯარიმოსთან, მცველების შეუთანხმებელი თამაშით ისარგებლა და საჯარიმოს ხაზიდან ზუსტად დაარტყა.
მომდევნო ორ ეპიზდოში, ლოკო რევაზ თევდორაძემ გადაარჩინა. ჩვენი გუნდის მეკარემ ჯერ ვაგნერ გონსალვეშს, შემდეგ ბექა გვარაძეს აჯობა.
მატჩის მიწურულს, გიორგი ხიდეშელმა ვატო არველაძე შეცვალა. საბურთალომ, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ორი სახიფათო მომენტი შექმნა. უკანასკნელ წუთზე, გეგა დიასამიძის დარტყმა ნიკა ჭანტურიამ ცარიელი კარიდან გამოიტანა და ბურთი კუთხურზე მოიგერია.
კუთხურიდან მოწოდებული ბურთი, რომან ჭანტურიამ საკუთარ კარში ჩაჭრა და მატჩის საბოლოო შედეგი დააფიქსირა.
თბილისის ლოკომოტივი მომდევნო მატჩს 14 აპრილს, ბოლნისის სიონის წინააღმდეგ გამართავს.
ლოკომოტივი: თევდორაძე, კომახიძე, ლობჟანიძე, ნ.ჭანტურია (კაპ), ღონღაძე, გვალია, შონია (ძებნიაური 26), დავითაშვილი, ჯიქია (რ.ჭანტურია 69), არველაძე (ხიდეშელი 84), გავაშელიშვილი
მთავარი მწვრთნელი: ლაშა ჭაღიაშვილი
გაფრთხილება: დავითაშვილი (68)
არბიტრი: ბაკურ ნინუა