ძალიან მაგარი მატჩი და ქულა გორიდან

ძალიან მაგარი მატჩი და ქულა გორიდან
09/03/2021

ძალიან მაგარი მატჩი და ქულა გორიდან

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-3 ტურის მატჩში, ლოკომოტივი გორში, დილას ესტუმრა და პრინციპულ მატჩში ქულა მოიპოვა. შეხვედრის მთავარ გმირად, ლოკოს კარის მცველი - გიორგი მამარდაშვილი იქცა, რომელმაც მატჩის მიწურულს თერთმეტმეტრიანი მოიგერია და გუნდი მარცხისგან იხსნა.

 

მატჩი სწრაფ ტემპში დაიწყო. ორივე გუნდი შემტევი ფეხბურთის თამაშს ცდილობდა. მე-15 წუთზე, ლოკომოტიველებმა მეტოქის კართან მცირე შტურმი მოაწყვეს და თორნიკე კირკიტაძის ახლო მანძილიდან დარტყმული, გუგეშაშვილმა ფეხით მოიგერია. პოზიციურ შეტევებს, ძირითადად, ლოკომოტივი ახორციელებდა. დილა კი, კონტრშეტევებზე თამაშს ცდილობდა.

 

მომდევნო კარგი მომენტი 23-ე წუთზე, შეტევაში ჩართული კაშიას საჯარიმოში ჩაწოდებას მოჰყვა, როცა თავით კარისკენ კახაბრიშვილი ურტყამდა, თუმცა, ბურთი გუგეშაშვილს პირდაპირ ხელებში მიუვიდა. 28-ე წუთზე კი, იგივე კახაბრიშვილს, დილას კარის მცველმა საოცარი ბურთი აუღო.

 

ამასობაში, გიორგი მამარდაშვილსაც მოუხდა რამდენჯერმე თამაშში ჩართვა და ლოკოს ახალგაზრდა კიპერი საოცრად დამაჯერებლად მოქმედებდა. პირველმა ტაიმმა საინტერესო ბრძოლაში ჩაიარა და 0:0 დასრულდა.

 

მეორე ტაიმი მასპინძლებმა უფრო აქტიურად დაიწყეს. 50-ე წუთზე, უკვე ირაკლი სიხარულიძის დრო დადგა. ლოკოს ფორვარდმა, საჯარიმოს ხაზიდან სახიფათოდ გაისროლა და მცირედით ააცილა. 65-ე წუთზე, გურამ კაშიას ჰქონდა შანსი, თავისი „ქართული ანგარიში“ გაეხსნა, თუმცა, ლოკოს მცველის თავური კარს ზემოდან მცირედით გადასცდა.

 

შეხვედრა დასასრულისკენ მიდიოდა, როცა 81-ე წუთზე, ლოკომოტივის კარში თერთმეტმეტრიანი დაინიშნა. თუმცა, გორელებს ზეიმი გიორგი მამარდაშვილმა ჩაუშალა. მთელი მატჩის განმავლობაში შესანიშნავად მოთამაშე კიპერმა, ბიძინაშვილს არ გაატანინა და როგორც საბოლოოდ აღმოჩნდა, თავის გუნდს ქულა გადაურჩინა. უგოლო ფრის მიუხედავად, თამამად შეიძლება ითქვას, რომ მიმდინარე ჩემპიონატში, ეს ყველაზე სანახაობრივი შეხვედრა იყო.

 

 

 

 

დილა 0:0 ლოკომოტივი (0:0)

 

ლოკომოტივი: მამარდაშვილი, სანდოხაძე, გურეშიძე, კაშია, უბილავა (C), შონია, დარცმელია (სამურკასოვი 61), კირკიტაძე (მუკბანიანი 90+2), კახაბრიშვილი, იმრანი (გავაშელიშვილი 77), სიხარულიძე

 

 

მთ.მწვრთნელი - გიორგი ჭიაბრიშვილი

more news