ლოკომ ბათუმის დინამოს სამი უპასუხო გოლი გაუტანა
ლოკომ ბათუმის დინამოს სამი უპასუხო გოლი გაუტანა
ეროვნული ლიგის 28-ე ტურში, თბილისის ლოკომოტივმა ბათუმის დინამო დაამარცხა. 30 სექტემბერს, მიხეილ მესხის სათადარიგო მოედანზე გამართული მატჩი, გიორგი დევდარიანის გუნდმა 3:0 მოიგო.
დინამოსთან დაპირისპირებას ლოკომოტივი დანაკლისით შეხვდა. ტრავმირებული ირაკლი კომახიძისა და მამია გავაშელიშვილის გარდა, გუნდს დისკვალიფიცირებული ვატო არველაძე ვერ დაეხმარა. სამთვიანი იძულებითი პაუზის შემდეგ, განაცხადში პირველად მოხვდა გიორგი გაბაძე. 22 წლის მცველს, საჩხერის ჩიხურასთან, 20 ივნისს მიღებული ტრავმის შემდეგ არ უთამაშია.
მატჩის დაწყებამდე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანრე იაშვილმა, ეროვნული ლიგის მესამე წრის საუკეთესო ფეხბურთელი, ლოკოს ფორვარდი ირაკლი სიხარულიძე, სპეციალური პრიზით დააჯილდოვა.
ანგარიში სწორედ ეროვნული ლიგის ბომბარდირმა გახსნა. სიხარულიძემ დინამოს კარი პირველივე წუთზე, ულამაზესი დარტყმით აიღო. ლოკოს ფორვარდმა 23-ე გოლი გიორგი რეხვიაშვილის საგოლე გადაცემით გაიტანა.
მე-10 წუთზე, ლოკომ კუთხურიდან გათამაშებული კომბინაციის შემდეგ, მეორე გოლი გაიტანა. შედეგიანი დარტყმის ავტორი მამუკა კობახიძე გახდა, რომელმაც ლოკომოტივში სადებიუტო გოლის გატანა მაოხერხა. საგოლე გადაცემა ამჯერადაც რეხვიაშვილმა შეასრულა.
დინამოს კარში მესამე გოლი 37-ე წუთზე, ლამაზი კომბინაციის შემდეგ გავიდა. გიორგი გოროზიამ მარჯვენა ფლანგიდან საჯარიმოში ირაკლი სიხარულიძეს კარგი გადაცემა გაუკეთა, ლოკოს ფორვარდმა კი საჯარიმოში მყოფ გეგა დიასამიძეს გაატანინა. აღსანიშნავია, რომ დიასამიძემ უკანასკნელ 4 მატჩში მესამე გოლი გაიტანა.
ლოკომოტივმა მეორე ტაიმი იძულებითი ცვლილებით დაიწყო. ტრავმირებული ირაკლი სიხარულიძის ნაცვლად, თამაშში ლუკა კიკაბიძე ჩაერთო. იძულებითის გარდა, დევდარიანმა თამაშის მიმდინარეობისას ტაქტიკური ცვლილებებიც გაანხორციელა. დავით სამურკასოვი ნიკა ჭანტურიამ, ხოლო გიორგი გოროზია ლევან ქურდაძემ შეცვალა.
მეორე ნახევრის მიწურულს ანგარიშის კიდევ უფრო გაზრდა შეეძლო ნოდარ ქავთარაძეს. ლოკოს მე-8 ნომერს სტუმართა მეკარემ აჯობა და ბურთი კუთხურზე მოიგერია.
28 ტურის შემდეგ, ლოკომოტივს 48 ქულა აქვს და მე-4 პოზიციაზეა. მოდევნო მატჩს, დევდარიანის გუნდი, სანაკრებო პაუზის შემდეგ, 15 ოქტომბერს, დინამო თბილისის წინააღმდეგ გამართავს. თბილისური დერბი ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე, 20:00 საათზე გაიმართება.
ლოკომოტივი: თევდორაძე, უბილავა (კაპ), რეხვიაშვილი, კობახიძე, ღონღაძე, სამურკასოვი (ჭანტურია 62), გვალია, დიასამიძე, გოროზია (ლ.ქურდაძე 69), ქავთარაძე, სიხარულიძე (კიკაბიძე 46)
მთავარი მწვრთნელი: გიორგი დევდარიანი
გაფრთხილება: კობახიძე (82)
არბიტრი: ჯ.ხორავა