ლოკომოტივში მფლობელობისა და მენეჯმენტის ფუნქციები გაიმიჯნა - კლუბის ბორდის ერთ-ერთი წევრი შოთა არველაძე იქნება

ლოკომოტივში მფლობელობისა და მენეჯმენტის ფუნქციები გაიმიჯნა - კლუბის ბორდის ერთ-ერთი წევრი შოთა არველაძე იქნება
საფეხბურთო კლუბ ლოკომოტივში 2025 წლის სეზონის მეორე ნახევრის წინ მნიშვნელოვანი სიახლეებია.
კლუბში მფლობელობისა და მენეჯმენტის ფუნქციები ერთმანეთისგან გაიმიჯნა. კლუბის პრეზიდენტი გიორგი ყიფიანი გახდა. ჩამოყალიბდა ბორდი, რომელიც პასუხისმგებელი იქნება კლუბის სტრატეგიულ განვითარებაზე და ამასთან ერთად, რამდენიმე მნიშვნელოვან მიმართულებაზე იმუშავებს, მათ შორისაა:
ინვესტიციების მოზიდვა
კლუბის სისტემური განვითარება
აკადემიის მუშაობის გაუმჯობესება
ფანბაზის შექმნა და გაძლიერება
მნიშვნელოვანი სიახლეა ისიც, რომ ბორდის წევრთა შორის იქნება შოთა არველაძე — ქართული ფეხბურთის ლეგენდა, რომელიც თავისი დიდი გამოცდილებით აქტიურად ჩაერთვება კლუბის ძირეული განვითარების პროცესში.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით 18 ივნისს სასტუმრო სტამბაში პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც კლუბში არსებული სიახლეების შესახებ ჟურნალისტებს ლექსო თოფურია, გიორგი ყიფიანი და შოთა არველაძე ესაუბრნენ.
„მომავალ წელს თბილისის ლოკომოტივი 90 წლის ხდება. 20 წელია, რაც ამ კლუბის პრეზიდენტი ვარ და ვფიქრობ, სიახლეების დრო მოვიდა. გვიხარია, რომ შოთა არველაძე ჩვენი ბორდის წევრი იქნება, მას წარდგენა არ სჭირდება. ასევე მიხარია, რომ გიორგი ყიფიანმა ახალი გამოწვევა მიიღო და კლუბის პრეზიდენტი ხდება. ის მეათე წელია, ლოკოშია და დიდი გამოცდილება დაუგროვდა.
ჩემი ჩართულობა სამეთვალყურეო საბჭოს დონეზე დარჩება. ბორდის ერთ-ერთი წევრი ვიქნები და რა საკვირველია, გავაგრძელებ გუნდის დაფინანსებას“, - განაცხადა ლექსო თოფურიამ.
„10 წელია, ამ კლუბში ვმუშაობ. ახალი სტატუსით და ახალი პერსპექტივით დავინახავ ყველაფერს. მადლობა ლექსო თოფურიას გადაწყვეტილებისთვის და ნდობისთვის. ბორდის პირობებში რამდენიმე მიმართულება იქნება გასაუმჯობესებელი - ინვესტიციების მოზიდვა, აკადემიის განვითარება, სპორტული შედეგის გაუმჯობესება, გულშემატკივართა რაოდენობის გაზრდა. მჯერა, ამ შემადგენლობითა და მენეჯმენტით არის შესაძლებლობა, ჩვენი მიზნები ხარისხიანად განხორციელდეს“, - თქვა ლოკომოტივის პრეზიდენტმა, გიორგი ყიფიანმა.
„ლექსო თოფურია ყველაზე რთულ დროსაც კი აქტიურად იყო ჩართული ქართულ ფეხბურთში და კლუბში ინვესტირება არ შეუწყვეტია, ეს მარტივი არაა და ამისთვის მას დიდი მადლობა ეკუთვნის.
მმართველობისა და მენეჯმენტის გამიჯვნა სწორედ მისი გადაწყვეტილებაა. ამ კლუბს მეტი შეუძლია და ყველა შესაძლებლობის სწორად ასათვისებლად შეიქმნა ბორდი. დახარისხდა მენეჯმენტი, რათა ყველამ თავისი შესაძლებლობის მაქსიმუმი გამოავლინოს.
ჩემი გამოცდილებით ჩავერთვები ყველა ახალ გამოწვევაში, რაც კლუბის განვითარებას ხელს შეუწყობს.
შევეცდები, კლუბის განვითარებაში წვლილი შევიტანო. ერთ-ერთი მიმართულება სხვადასხვა ჯგუფების, ახალი პარტნიორების დაინტერესება იქნება.
გვსურს, შევქმნათ საინტერესო და კარგი მაგალითი, რაც ქართულს ფეხბურთს წაადგება. ლოკომოტივში საქმიანობა ჩემს სამწვრთნელო კარიერას ხელს არ შეუშლის და ნებისმიერი წერტილიდან აქტიურად ვიქნები ჩართული კლუბის ფუნქციონირებაში“, - ამბობს შოთა არველაძე.