მარცხი გორის დილასთან
მარცხი გორის დილასთან
ეროვნული ლიგის 34-ე ტურში, თბილისის ლოკომოტივი გორის დილასთან დამარცხდა. 18 ნოემბერს, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გამართული დაპირისპირება, მასპინძლებმა 2:1 მოიგეს.
დილასთან მატჩში, ლოკოს ეროვნული ლიგის ბომბარდირი, ირაკლი სიხარულიძე ვერ დაეხმარა. ჩვენი გუნდის ფორვარდმა, ტრავმა ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში მიიღო. დისკვალიფიკაციის გამო, გორელებთან დაპირისპირება გამოტოვა მამუკა კობახიძემაც.
ანგარიში 25-ე წუთზე მასპინძლებმა გახსნეს. რევაზ თევდორაძის კარი გიორგი ფანცულაიამ აიღო. ანგარიშის გათანაბრება 49-ე წუთზე გეგა დიასამიძეს შეეძლო, თუმცა გორელთა მეკარემ ზუსტად ითამაშა და ბურთი კუთხურზე მოიგერია.
53-ე წუთზე გიორგი ფანცულაიამ დუბლი შეასრულა. ზუსტად 6 წუთში, ნოდარ ქავთარაძემ გაიტანა და მატჩის საბოლოო შედეგი დააფიქსირა. ქავთარაძეს საგოლე გადაცემა გიორგი გაბაძემ გაუკეთა.
71-ე წუთზე, მთავარმა მსაჯმა მოედნიდან მასპინძელთა მცველი გოდერძი მაჩაიძე გააძევა.
ზუსტად 5 წუთში, გეგა დიასამიძემ ტრავმა მიიღო, რის გამოც თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო. ლოკოს ათიანს მოედანი საკაცით დაატოვებინეს.
ამ დროისთვის, გიორგი დევდარიანს სამივე ცვლილება განხორციელებული ჰქონდა, შესაბამისად ლოკომოტივმა თამაში 10 ფეხბურთელით გააგრძელა.
დარჩენილ დროში, ლოკომ რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნა. მასპინძელთა მეკარემ ჯერ გიორგი გოროზიას, შემდეგ კი ლუკა კიკაბიძეს აჯობა. გიორგი ბეგაშვილმა ბურთი ორივე შემთხვევაში კუთხურზე მოიგერია.
მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, გატანა გიორგი რეხვიაშვილსაც შეეძლო, თუმცა მისი დარტყმა კარს მცირე მანძილით აცდა.
34 ტურის შემდეგ, ლოკომოტივი 53 ქულით მე-5 პოზიციაზეა. დევდარიანის გუნდი, მომდევნო მატჩს 22 ნოემბერს, სამტრედიას წინააღმდეგ გამართავს. მატჩი მიხეილ მესხის სათადარიგო მოედანზე, 14:00 საათზე გაიმართება.
ლოკომოტივი: თევდორაძე, უბილავა (კაპ), რეხვიაშვილი, ლევან ქურდაძე, გაბაძე (გაბრიჩიძე 75), ჭანტურია (გვალია 58), სამურკასოვი, დიასამიძე, ქავთარაძე, გოროზია, არველაძე (კიკაბიძე 46)
მთავარი მწვრთნელი: გიორგი დევდარიანი
გაფრთხილება: გაბაძე (60)
არბიტრი: გიორგი ყრუაშვილი