თორნიკე კურტანიძე - ვეცდები, ჩემი გოლებით გუნდს სეზონის მეორე ნახევარშიც დავეხმარო
თორნიკე კურტანიძე - ვეცდები, ჩემი გოლებით გუნდს სეზონის მეორე ნახევარშიც დავეხმარო
მიმდინარე სეზონში თბილისის ლოკომოტივის საუკეთესო ბომბარდირმა, თორნიკე კურტანიძემ კლუბის პრესსამსახურთან სეზონის პირველი ნახევრის, მოსამზადებელი ეტაპისა და ქობულეთის შუქურასთან მოახლოებული სათასო შეხვედრის შესახებ ისაუბრა.
როგორც თორნიკე ამბობს, გუნდმა მოსამზადებელი ეტაპი ნაყოფიერად გაიარა, ხოლო თავად მზადაა, სეზონის მეორე ნახევარშიც ლოკოს თავისი გოლებით დაეხმაროს.
“ეს ჩემი სადებიუტო სეზონი იყო ეროვნულ ლიგა 2-ში. მიხარია, რომ პირველი წრის დასრულება 10 გოლით მოვახერხე, ახლა ბომბარდირთა სათავეში ვარ.
სეზონის განახლებისთვის მოსამზადებელი ეტაპი გუნდმა ნაყოფიერად გაიარა, ვითამაშეთ რამდენიმე ამხანაგური მატჩი და თავი კარგად წარმოვაჩინეთ. შუქურასთან თასის თამაშისთვის ვემზადებით. ვფიქრობ, შედეგის თვალსაზრისით მეორე წრეც ნაყოფიერი იქნება. ვეცდები, გატანილი გოლებით გუნდს მაქსიმალურად დავეხმარო“, - განაცხადა თორნიკე კურტანიძემ.
კურტანიძე ლევან პაპავასთან (გარეჯი) და დათა სიჭინავასთან ერთად (ფოთის კოლხეთი) ეროვნული ლიგა 2-ის ბომბარდთა დავას ლიდერობს. სამივე მათგანმა სეზონის პირველ ნახევარში 10 გოლი გაიტანა.