ზედიზედ მეოთხე გამარჯვება - ლოკომ პოზიცია გაიმყარა
ზედიზედ მეოთხე გამარჯვება - ლოკომ პოზიცია გაიმყარა
საქართველოს ეროვნული ლიგის 25-ე ტურში, ლოკომოტივმა მორიგი სამი ქულა მოიპოვა. გიორგი დევდარიანის გუნდმა, გორის დილა დაამარცხა. 9 სექტემბერს, მიხეილ მესხის სათადარიგო მოედანზე გამართული დაპირისპირება ჩვენი გუნდის გამარჯვებით, 4:2 დასრულდა.
დილასთან დაპირისპირება დისკვალიფიკაციიის გამო ლაშა გვალიამ გამოტოვა, განაცხადში არ იყვნენ ირაკლი კომახიძე და მამია გავაშელიშვილიც, რომელთაც მცირე ტრავმა აწუხებთ.
მატჩი ლოკოს უპირატესობით დაიწყო და ანგარიშიც ჩვენმა გუნდმა გახსნა. მე-6 წუთზე ლოკომოტივი ვატო არველაძემ დააწინაურა. 19 წლის ფორვარდმა გოლი გიორგი გოროზიას პასით გაიტანა.
23-ე წუთზე, გატანა თავად გოროზიამ მოახერხა. ლოკოს 23-ე ნომერმა, ჩვენ გუნდში დაბრუნების შემდეგ, პირველად გაიტანა ოფიციალურ მატჩში.
გიორგის გოლი კარგ კომბინაციას მოჰყვა, რომელიც მოედნის ცენტრიდან ნოდარ ქავთარაძემ წამოიწყო. ლოკოს მე-8 ნომერმა ფლანგიდან შეტევაში გუნდის კაპიტანი დავით უბილავა ჩართო, რომელმაც საჯარიმოში ირაკლი სიხარულიძეს კარგი პასი გაუკეთა. გოროზიამ, სწორად ლოკოს ბომბარიდის პასით აიღო მეტოქის კარი.
43-ე წუთზე, დილა მოედანზე 10 ფეხბურთელით დარჩა. მთავარმა მსაჯმა ქავთარაძესთან უხეშობისთვის, გილერმე მორასს წითელი ბარათი უჩვენა.
ტაიმის ბოლო წუთზე გოლი გეგა დიასამიძემ გაიტანა. ლოკოს 10-იანმა მიმდინარე სეზონში, პირველად მოახერხა ოფიციალურ მატჩში გატანა. გეგას ასისტენტობა გიორგი რეხვიაშვილმა გაუწია.
მეორე ნახევრის დებიუტში ლოკომოტივმა რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნა; ზედიზედ ორჯერ გატანა შეეძლო ეროვნული ლიგის ბომბარდირს, თუმცა სიხარულიძეს პირველ შემთხვევაში სტუმართა მეკარემ აჯობა, მეორედ კი ბურთი კარს მცირე მანძილით ააცილა.
ეროვნულ ლიგაში დებიუტი ჰქონდა ლუკა ვარძელაშვილს. ლოკომოტივის 19 წლის ნახევარმცველი თამაშში 71-ე წუთზე, გიორგი გოროზიას ნაცვლად ჩაერთო. ლუკას გოლის გატანის კარგი შანსიც ჰქონდა, მაგრამ მუჯრიშვილმა აჯობა.
54-ე წუთზე, დილამ ერთი ბურთი გაქვითა. კუთხურიდან მოწოდებულ ბურთზე, საჯარიმოში ყველას სტუმართა მცველმა ოთარ კუსიანმა დაასწრო. დილას მცველის თავური დატყმის შემდეგ, ბურთი მამუკა კობახიძეს მოხვდა და თევდორაძის კარში აღმოჩნდა.
თავისი გოლი შეცვლაზე შესულმა ლუკა კიკაბიძემაც გაიტანა. ლოკომოტივის მე-14 ნომერმა ნოდარ ქავთარაძის საგოლე პასით, ახლო მანძილიდან მუჯრიშვილს აუღებელი დაურტყა. ლუკასთვის ეს მიმდინარე სეზონში პირველი გოლია.
მატჩის საბოლოო ანგარიში 85-ე წუთზე დაფიქსირდა. ფლავიო ნუბიოს თავური დარტყმის შემდეგ, რევაზ თევდორაძემ ბურთი ხელებში ვერ შეიმაგრა და ავტოგოლი ჩაეთვალა.
დილასთან გამარჯვების შემდეგ, დევდარიანის გუნდმა 42 ქულა მოაგროვა. ლოკომოტივი მეოთხე პოზიციაზეა. მომდევნო მატჩს ჩვენი გუნდი სტუმრად, სამტრედიასთან გამართავს. მატჩი 16 სექტემბერს, სამტრედიაში, ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება.
ლოკომოტივი: თევდორაძე, ჭანტურია, კობახიძე (ქურდაძე 73), რეხვიაშვილი, უბილავა (კაპ), სამურკასოვი, ქავთარაძე, დიასამიძე, გოროზია (ვარძელაშვილი 71), არველაძე (58 კიკაბიძე), სიხარულიძე
მთავარი მწვრთნელი: გიორგი დევდარიანი
არბიტრი: ბ.ნინუა