ლოკომ კოლხეთი 1913 კობახიძის დუბლით დაამარცხა

ლოკომ კოლხეთი 1913 კობახიძის დუბლით დაამარცხა
23/06/2018

ლოკომ კოლხეთი 1913 კობახიძის დუბლით დაამარცხა

ეროვნული ლიგის მე-16 ტურში, თბილისის ლოკომოტივმა კოლხეთი 1913 დაამარცხა. 22 ივნისს, მიხეილ მესხის სათადარიგო მოედანზე, ლაშა ჭაღიაშვილის გუნდმა 2-1 მოიგო.

მატჩის გმირი ოთარ კობახიძე გახდა, რომელმაც დუბლი პირველივე ტაიმში შეასრულა. ლოკოს კოლხეთი 1913-თან მატჩში ტრავმირებული უჩა ლობჟანიძე და დისკვალიფიცირებული ლაშა გვალია აკლდა. დაცვის ცენტრში, ლობჟანიძის ადგილი ლევან ქურდაძემ დაიკავა, ლაშა გვალია კი დავით სამურკასოვმა შეცვალა.

ლოკომ მატჩის დებიუტშივე შეუტია და რამდენიმე რეალური საგოლე მომენტიც შექმნა. გატანა პირველივე წუთებზე შეეძლო ოთარ კობახიძეს, რომელიც მეკარესთან პირისპირ გავიდა, თუმცა დარტყმა დააგვიანა და პოლტავცევმა აჯობა.

მომდევნო ეპიზოდში კობახიძემ ანგარიში გახსნა. ძებნიაური-კიკაბიძე-კობახიძის ლამაზი კომბინაცია, ამ უკანასკნელმა გოლით დაასრულა.

32-ე წუთზე ილია მიხალიოვმა, შორეული დარტყმით ლუკა შეროზიას კარი აიღო და ანგარიში გაათანაბრა. ლოკო 5 წუთში კვლავ დაწინაურდა. დავით უბილავას საგოლე გადაცემის შემდეგ, კობახიძე დუბლის ავტორი გახდა და მატჩის საბოლოო შედეგი დააფიქსირა.

მეორე ნახევარში ლაშა ჭაღიაშვილის გუნდს ანგარიშის გაზარდა არაერთხელ შეეძლო. კარგი მომენტები ჰქონდათ დავით ჯიქიასა და მამია გავაშელიშვილს. შეცვლაზე შესულ რატი არდაზიშვილს შორეული დარტყმით შეეძლო გატანა, თუმცა კარს მცირე მანძილით ააცილა.

მატჩის მიწურულს, ლოკოს შემადგენლობაში, 10 წლის შემდეგ კვლავ ითამაშა ლევან ყენიამ. 27 წლის ნახევარმცველმა მძიმე ტრავმა მოიშუშა და მოედანს თითქმის ორწლიანი პაუზის შემდეგ, მშობლიურ კლუბში დაუბრუნდა. ყენიამ დავით ჯიქია შეცვალა.

16 ტურის შემდეგ, ლოკოს 18 ქულა აქვს და მე-6 ადგილზეა. მომდევნო მატჩს, ჩვენი გუნდი სტუმრად გორის დილასთან გამართავს. დაპირისპირება 27 ივნისს, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე, 20:00 საათზე გაიმართება.


ლოკომოტივი:
შეროზია, უბილავა (კაპ), ქურდაძე, ნ.ჭანტურია, გაბაძე, სამურკასოვი (ცნობილაძე 72), ძებნიაური, კიკაბიძე (არდაზიშვილი 66), გავაშელიშვილი, კობახიძე, ჯიქია (ყენია 90+2)

მთავარი მწვრთნელი: ლაშა ჭაღიაშვილი

გაფრთხილება: არდაზიშვილი (84)

არბიტრი: ი.კვირიკაშვილი

more news