უმაგრესი გოლები და 3 ქულა ქუთაისიდან

უმაგრესი გოლები და 3 ქულა ქუთაისიდან
12/04/2021

უმაგრესი გოლები და 3 ქულა ქუთაისიდან

ეროვნული ლიგის მე-8 ტურის მატჩში, ლოკომოტივმა ქუთაისში მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა. ამ შეხვედრაში ყველაფერი იყო - დაძაბულობა, შემტევი ფეხბურთი, ოთხი გოლი, გაცუდებული პენალტი და რაც მთავარია, ულამაზესი გოლები, რომლებიც თბილისელებმა გაიტანეს ქუთაისელთა კარში.

 

ლოკომოტივმა თამაში სწრაფ ტემპში დაიწყო და თავიდანვე შეუტია. მალევე, თამაში გათანაბრდა და მირცხულავამ მამარდაშვილის კარის აღება შეძლო, თუმცა, მსაჯმა თამაშგარე დააფიქსირა და გოლი არ ჩაითვალა.

 

ტაიმის ბოლოსკენ, ტორპედოელები გააქტიურდნენ და ლოკომოტივის კართან ორი საგოლე მომენტიც შექმნეს. მაშინ, როცა ყველა მსაჯის სასტვენის მოლოდინში იყო, ჭიაბრიშვილის გუნდმა შეტევა წამოიწყო. სამურკასოვის მშვენიერი პასის შემდეგ, შეუჩერებელმა კირკიტაძემ ფლანგზე ჩაიქროლა და ტაიმის დამატებულ წუთზე, თავისი გუნდი წინ გაიყვანა.

 

მეორე ტაიმი, კვლავ სტუმრების აქტიურობით დაიწყო და დებიუტშივე, კახაბრიშვილს შესანიშნავი შანსი ჰქონდა, თავისი გუნდი კიდევ უფრო წინ გაეყვანა, თუმცა, ახლო მანძილიდან ააცილა.

 

58-ე წუთზე, მატჩის არბიტრი აშკარად შეცდა და მასპინძელთა სასარგებლოდ კუთხური დანიშნა, რასაც ტუჩიბაევის გოლი მოჰყვა - ტორპედომ ანგარიში გაათანაბრა.

 

გაშვებული გოლის შემდეგ, ლოკომოტივის შემადგენლობაში მყისიერი ცვლილებები მოხდა და მოედანზე ბექა დარცმელია და ირაკლი სიხარულიძე გამოვიდნენ. ჭიაბრიშვილის გადაწყვეტილებამ აშკარად გაამართლა. თუმცა, მანამდე იყო მამარდაშვილის კარში დანიშნული თერთმეტმეტრიანი, რომელიც ფადი ზიდანმა გააფუჭა. ამის შემდეგ კი, ლოკომოტივმა აიწყვიტა და დაიწყო.

 

71-ე წუთზე, სიხარულიძის კარგი გადაცემის შემდეგ, შონიამ უძლიერესად დაარტყა და ლოკო დააწინაურა. ზუსტად ერთ წუთში კი, ულამაზესი გოლი ვნახეთ: მარცხენა ფლანგიდან, საჯარიმოში იმრანმა ჩააწოდა; ბურთი მცველმა მოიგერია, რომელიც საჯარიმოს ხაზთან მყოფ დარცმელიას მიუვიდა. ლოკოს „ექვსიანმა“ მიწაზე დაუშვებლად, უძლიერესად დაარტყა - 3:1.

 

სამგურალთან მარცხის შემდეგ, ლოკომოტივმა ხასიათი ქუთაისში გამოიკეთა და სატურნირო ცხრილში, ლიდერთა ოთხეულშია გამაგრებული.  

 

 

 

 

 

 

ტორპედო 1:3 ლოკომოტივი (0:1)

 

ლოკომოტივი: მამარდაშვილი, სანდოხაძე (ანდრონიკაშვილი 22), კაშია, გაბაძე, ქველაძე, შონია (C), სამურკასოვი (დარცმელია 61), იმრანი, კახაბრიშვილი (მჭედლიშვილი 74), კირკიტაძე (იაკობიძე 74), გავაშელიშვილი (სიხარულიძე 61)

 

გოლები: კირკიტაძე (45+1), შონია (71), დარცმელია (72)

 

გაფრთხილება: კაშია, ანდრონიკაშვილი, სამურკასოვი

 

მთ.მწვრთნელი - გიორგი ჭიაბრიშვილი

more news