ირაკლი ხვედელიანი: "ლოკომოტივი იმ კლუბებს შორისაა, რომელიც ახალგაზრდა ფეხბურთელების მიმართ ნდობით გამოირჩევა"

ირაკლი ხვედელიანი: "ლოკომოტივი იმ კლუბებს შორისაა, რომელიც ახალგაზრდა ფეხბურთელების მიმართ ნდობით გამოირჩევა"
28/09/2023

ირაკლი ხვედელიანი: "ლოკომოტივი იმ კლუბებს შორისაა, რომელიც ახალგაზრდა ფეხბურთელების მიმართ ნდობით გამოირჩევა"

ბოლო პერიოდში თბილისის ლოკომოტივში ბევრი სიახლეა. ძირითად გუნდში უამრავი ახალგაზრდა ფეხბურთელის დებიუტი შედგა. ზამბიურ კლუბ კაფუე სელტიკთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, აქტიურად მიმდინარეობს თანამშრომლობა.

 

ცოტა ხნის წინ თბილისის ლოკომოტივთან თანამშრომლობის სურვილი ასევე გამოთქვა კიდევ ერთი აფრიკული ქვეყნის, ბენინის საფეხბურთო კლუბმაც.

 

ამ თემებთან დაკავშირებით ლოკოს სპორტულ დირექტორს, ირაკლი ხვედელიანს ვესაუბრეთ:

 

თბილისის ლოკომოტივი იმ კლუბებს შორისაა, რომელიც ახალგაზრდა ფეხბურთელების მიმართ ნდობით გამოირჩევა და მათ მაქსიმალურად აძლევს თავის წარმოჩენის საშუალებას. ამას მოწმობს ისიც, რომ ჩვენ ეროვნულ ლიგა 2-ში ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდული გუნდით ვართ წარმოდგენილნი.

 

მიმდინარე სეზონში არაერთი დებიუტი ვიხილეთ ეროვნული ლიგა 2-ის დონეზე. თავისი პირველი შეხვედრა ჩაატარა იოანე ტაბატაძემ, რომელიც 10 წლიდან ლოკომოტივის მაისურს ატარებს. პროფესიონალურ დონეზე თავიანთი სადებიუტო მატჩები ჰქონდათ: შალვა ვიბლიანს, დათო ბუკიას, თორნიკე მოლაშვილს, ნიკოლოზ ნინიძეს, დავით გაბისონიას, ალექსანდრე თურქიას და ასევე ზამბიელ ლეგიონერებს - ფრენკ ჩილეშესა და ბონეფანსეო ფირის.

 

გვსურს, რომ ლოკომოტივი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის ასოცირდებოდეს ნათელ და წარმატებულ მომავალთან. ამის შესანიშნავი დადასტურება გვაქვს ახლო წარსულიდანაც. თუნდაც რად ღირს გიორგი მამარდაშვილის, ზუკა დავითაშვილის, კიდევ უფრო უკან თუ გავიხედებით, გიორგი არაბიძის, ლევან ყენიას და სხვათა მაგალითები.

 

 

როგორც იცით, გასულ წელს ზამბიის საფეხბურთო კლუბ კაფუე სელტიკთან 3 წლიანი მემორანდუმი გავაფორმეთ. პროექტის ფარგლებში კლუბებს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობა მიმდინარეობს. წელს კაფუე სელტიკი საქართველოში იმყოფებოდა, გამართა საკონტროლო თამაშები ეროვნული ლიგის კლუბების - ტორპედოსა და საბურთალოს წინააღმდეგ. თავისთავად, ამხანაგური თამაში შედგა ლოკომოტივსა და კაფუე სელტის შორის. ზამბიურ კლუბთან თანამშრომლობა ჩვენთვის დამატებითი შესაძლებლობა და პრივილეგიაა, რათა კიდევ უფრო მეტმა ნიჭიერმა ახალგაზრდამ ითამაშოს ლოკომოტივში როგორც საქართველოდან, ასევე -ქვეყნის ფარგლებს გარედან.

 

კაფუე სელტიკთან მოქმედმა მემორანდუმმა ბევრ აფრიკულ ქვეყანაში ჰპოვა რეზონანსი. ჩვენთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა აფრიკის კონტინენტიდან კიდევ ერთმა კლუბმა, კერძოდ კი ბენინის უმაღლესი ლიგის წარმომადგენელმა ASVO-მ. მაშინ, როდესაც ეროვნულ ლიგაში სანაკრებო მატჩებიდან გამოწვეული პაუზა გამოცხადდა, ხსენებული კლუბის მიწვევით ბენინში ვიმყოფებოდი, სადაც გაცნობითი ხასიათის შეხვედრები მქონდა კლუბის კლუბის პრეზიდენტთან, მენეჯმენტთან და სამწვრთნელო შტაბთან. განვიხილეთ შესაძლო თანამშრომლობის პერსპექტივები. დაახლოებით 10 დღის მანძილზე გავეცანი კლუბის სტრუქტურას, მათი მუშაობის სპეციფიკას, დავესწარი ძირითადი და ასაკობრივი გუნდების ვარჯიშებსა და თამაშებს. ასევე მქონდა შესაძლებლობა, ბენინის ეროვნული ნაკრების კემპზე მივსულიყავი და გამეცნო ეროვნული ნაკრების გერმანელი სპეციალისტი - გერნოტ რორი, ამავე ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მოთამაშე - სტეფან სესენიონი. ასევე პირადად გავიცანი ASVO-ს მოთამაშეები, რომლებიც ეროვნულ ნაკრეში იყვნენ გამოძახებულნი.

 

 

ჩვენსა და ASVO-ს შორის საკმაოდ ნაყოფიერი გაცნობითი შეხვედრები შედგა. ჩვენი მხრიდან არის მზაობა, რომ კაფუე სელტიკის მსგავსად, პარტნიორული ურთიერთობები ჩამოვიყალიბოთ სხვა ქვეყნის კლუბებთანაც.

more news