კირკიტაძეების საგოლე პასები და სიხარულიძის დუბლი ვიტ ჯორჯიას კარში

კირკიტაძეების საგოლე პასები და სიხარულიძის დუბლი ვიტ ჯორჯიას კარში
02/11/2019

კირკიტაძეების საგოლე პასები და სიხარულიძის დუბლი ვიტ ჯორჯიას კარში

ირაკლი სიხარულიძის დუბლით, „ლოკომოტივმა“ „ვიტ ჯორჯიასთან“ დაგეგმილი 3 ქულა მოიპოვა, კიდევ უფრო გაიმყარა პოზიციები და უფრო მიუხლოვდა ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპს. თუმცა, ევროთასებზე ასპარეზობის ოფიციალურად გასაფორმებლად, ლევან კორღალიძის გუნდს მომდევნო ტურში უახლოეს მდევართან, საჩხერის „ჩიხურასთან“ დადებითი შედეგი სჭირდება. ამაზე მომავალ კვირას ვისაუბროთ; ახლა კი, განვლილ მატჩს მივყვეთ.

 

სატურნირო თვალსაზრისით, „ლოკომოტივისთვის“ მორიგი მნიშვნელოვანი მატჩი გუნდებმა აქტიურად დაიწყეს. ლევან კორღალიძის გუნდი შეტევას როგორც სწრაფი ვინგერების მეშვეობით, ისე ცენტრიდან, პოზიციურად ცდილობდა.

 

პირველი ტაიმის 20 წუთი ისე მიილია, ლოკომოტიველებს კარში არ დაურტყამთ. საპასუხოდ კი, „ვიტ ჯორჯიას“ ფეხბურთელებმა რამდენჯერმე გაისროლეს ბულისკერიას კარის მიმართულებით, თუმცა, არაზუსტად.

 

პირველი სახიფათო შეტევა თორნიკე კირკიტაძის მისამართით სამურკასოვის მწვავე გადაცემას მოჰყვა, როცა ლოკოს 22-ე ნომერი საჯარიმოში შეიჭრა და მახვილი კუთხიდან დაარტყა. ვიტელთა მეკარემ კი, ბურთი კუთხურზე მოიგერია.

 

42-ე წუთზე, „ლოკომოტივს“ ანგარიშის გახსნის ასპროცენტიანი შანსი მიეცა. კუთხურიდან ჩამოწოდებულ ბურთზე თამაში გურეშიძემ შეძლო; მეკარის მოგერიებულს კი, ცარიელი კარის წინ მარტო მყოფი თორნიკე კირკიტაძე ურტყამდა და ზემოდან გადააცილა.

 

მეორე ტაიმში, მოედანზე გაცილებით უფრო „მოქოქილი“ ლოკომოტიველები ვიხილეთ. „ვიტ ჯორჯიამ“ მხოლოდ 57-ე წუთამდე გაუძლო ლევან კორღალიძის ფეხბურთელების შტურმს. შეხვედრაში ანგარიში კი, ასე გაიხსნა: სამურკასოვმა აუტიდან ბურთი გვალიას მიაწოდა; ამ უკანასკნელმა, რბილი და გამოზომილი გადაცემით მოძებნა მეტოქის საჯარიმოში, შორეულ ძელთან მყოფი თორნიკე კირკიტაძე, რომელმაც ამ ბურთზე ბოლომდე იბრძოლა და კარის წინ მყოფ სიხარულიძეს დაუგდო. ლოკოს ბომბარდირს კი, ვარდნაში გატანა აღარ გასჭირვებია.

 

77-ე წუთზე, ირაკლი სიხარულიძემ დუბლის შესრულება შეძლო. საგოლე გადაცემა მას ამჯერად დათო კირკიტაძემ გაუკეთა.

 

„ლოკომოტივმა“ მატჩი მშვიდად მიიყვანა საფინალო სასტვენამდე. მანამდე კი, აღსანიშნავი ფაქტი ის მოხდა, რომ დიდი ხნის პაუზის შემდეგ, მოედანზე ლუკა კიკაბიძე გამოჩნდა, რომელსაც ტრავმისა და ოპერაციის გამო მთელი სეზონი გაუცდა და მხოლოდ ცოტა ხნის წინ მოხვდა გუნდის 18-კაციან განაცხადში.

 

 

ვიტ ჯორჯია 0:2 ლოკომოტივი

 

ლოკომოტივი: ბულისკერია, გურეშიძე, ჭანტურია, გაბაძე, უბილავა (C), შონია, გვალია, დ.კირკიტაძე, სამურკასოვი (კიკაბიძე 85), თ.კირკიტაძე (კომახიძე 80), სიხარულიძე (ჯიქია 87)

 

გოლები: სიხარულიძე (57, 77)

more news