ლოკომოტივმა საჩხერის ჩიხურა დაამარცხა

ლოკომოტივმა საჩხერის ჩიხურა დაამარცხა
25/08/2018

ლოკომოტივმა საჩხერის ჩიხურა დაამარცხა

თბილისის ლოკომოტივმა საჩხერის ჩიხურა დაამარცხა. 25 აგვისტოს, ეროვნული ლიგის 22-ე ტურში, ლაშა ჭაღიაშვილის გუნდმა 3-2 მოიგო.

ჩიხურასთან მატჩში, ლოკოს ტრავმის გამო, გუნდის ბომბარდირი მამია გავაშელიშვილი და რატი არდაზიშვილი დააკლდა.

ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდა რევაზ თევდორაძე, რომელმაც ლუკა შეროზია შეცვალა. სასტარტო შემადგენლობას დაუბრუნდა გიორგი გაბაძეც. მან, დისკვალიფიკაციის გამო, დინამო თბილისთან დაპირისპირება გამოტოვა.

მიხეილ მესხის სათადარიგო მოედანზე, ანგარიში მატჩის დებიუტში გაიხსნა. მე-8 წუთზე ოთარ კობახიძემ ლოკო დააწინაურა. კუთხურიდან ჩაწოდების შემდეგ, საჯარიმოში უჩა ლობჟანიძემ ზუსტად ითამაშა და კარგ პოზიციაში მყოფი კობახიძე მოძებნა, ლოკოს 99-ე ნომერმა ერთი შეხებით ლამაზი გოლი გაიტანა.

41-ე წუთზე გიორგი გაბედავამ წონასწორობა აღადგინა. ეროვნული ლიგის ბომბარდირმა, თევდორაძის კარი საჯარიმო დარტყმით აიღო. პირველი ტაიმის შემდეგ, ზურიკო დავითაშვილი დავით სამურკასოვმა შეცვალა.

მეორე ნახევარი ლოკომოტივის უპირატესობით დაიწყო. 54-ე წუთზე კობახიძემ ულამაზესი დარტყმით დუბლი შეასრულა. საგოლე გადაცემა გაბაძის ანგარიშზეა.

ლოკოს გატანა კიდევ არაერთხელ შეეძლო. მიზანთან ახლოს იყო სამურკასოვი და კობახიძე. 77-ე წუთზე კარგი კონტრშეტევის შემდეგ, დავით ჯიქიამ მესამე გოლი გაიტანა. საგოლე გადაცემა შეცვლაზე შესული რევაზ ინჯგიას ანგარიშზეა.

გოლის შემდეგ, ჯიქიას მალევე დუბლის შესრულება შეეძლო, თუმცა მას სტუმართა მეკარემ აჯობა. რეალური საგოლე მომენტი ვერ გამოიყენა ინჯგიამ, მისი დარტყმა კარს მცირე მანძილით აცდა.

87-ე წუთზე, სტუმრებმა ერთი ბურთი გაქვითეს. თევდორაძეს კახა კახაბრიშვილმა გაუტანა და მატჩის საბოლოო შედეგი დააფიქსირა.

22 ტურის შემდეგ, ლოკომოტივი 25 ქულით მე-6 პოზიციაზეა. მომდევნო მატჩს, ლოკო სტუმრად საბურთალოს წინააღმდეგ გამართავს. თბილისური დერბი 31 აგვისტოს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, 20:00 საათზე გაიმართება.

ლოკომოტივი: თევდორაძე, უბილავა (კაპ), ლობჟანიძე, ნ.ჭანტურია, გაბაძე, შონია, გვალია, კობახიძე, დავითაშვილი (სამურკასოვი 46), კიკაბიძე (ინჯგია 70) ჯიქია (კომახიძე 88)

მთავარი მწვრთნელი: ლაშა ჭაღიაშვილი

არბიტრი: ბ.ნინუა

more news