ლოკომოტივმა ეროვნული ლიგა გამარჯვებით დაასრულა

ლოკომოტივმა ეროვნული ლიგა გამარჯვებით დაასრულა
08/12/2018

ლოკომოტივმა ეროვნული ლიგა გამარჯვებით დაასრულა

თბილისის ლოკომოტივმა ეროვნული ლიგა გამარჯვებით დაასრულა. ბოლო, 36-ე ტურში ლაშა ჭაღიაშვილის გუნდმა რუსთავი 1-0 დაამარცხა.

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართული მატჩის ბედი თეიმურაზ შონიამ გადაწყვიტა. ლოკოს ნახევარმცველმა მე-10 წუთზე, პენალტი გაიტანა.

ბოლო მატჩს, ლოკო გადახალისებული შემადგენლობით შეხვდა. მთავარმა მწვრთნელმა რუსთავთან ლოკომოტივის 19 წლამდე გუნდის რამდენიმე წევრს მისცა თავის გამოჩენის შანსი.

დებიუტი ჰქონდა ბექა ბუიღლიშვილს, რომელმაც დაცვის ცენტრში ალექსანდრე ანდრონიკაშვილთან ერთად, შეუცვლელად ითამაშა. სასტარტო შემადგენლობაში იყო აკადემიის კიდევ 4 წევრი, ლევან გრძელიძე, ლაშა ოზბეთელაშვილი, თორნიკე ძებნიაური და რევაზ ინჯგია.

მეორე ნახევარმა ლოკომოტივის უპირატესობით ჩაიარა და ანგარიშის გაზრდა რამდენიმე ეპიზოდში შეიძლებოდა.

ომარ მიგინეიშვილმა ორ ეპიზოდში ლუკა კიკაბიძეს და ლევან გრძელიძეს აჯობა. გატანის შანსი ჰქონდა ოზბეთელაშვილსაც, რომელიც მე-60 წუთზე შოთა შეყილაძემ შეცვალა.

18 წლის ფორვარდმა ლოკოს შემადგენლობაში სადებიუტო მატჩი ჩაატარა. 2018 წელს, შეყილაძემ 19 წლამდე ლიგის 28 მატჩში 26 გოლი გაიტანა.

36 ტურში, ლოკომოტივმა 44 ქულა დააგროვა და ეროვნული ლიგა მე-6 პოზიციაზე დაასრულა.

ლოკომოტივი: შეროზია, უბილავა (კაპ), ბუიღლიშვილი, ანდრონიკაშვილი, გაბაძე, ძებნიაური, შონია, კიკაბიძე (სამურკასოვი 83), გრძელიძე (გავაშელიშვილი 69), ინჯგია, ოზბეთელაშვილი (შეყილაძე 60)

მთავარი მწვრთნელი: ლაშა ჭაღიაშვილი

გაფრთხილება: შეროზია (90+3), სამურკასოვი (90+4)

არბიტრი: ჯ. ხორავა

more news