ლოკო აღარ ხუმრობს - მორიგი გამარჯვება და 3 ქულა

ლოკო აღარ ხუმრობს - მორიგი გამარჯვება და 3 ქულა
29/05/2019

ლოკო აღარ ხუმრობს - მორიგი გამარჯვება და 3 ქულა

ეროვნული ლიგის მე-16 ტურში, „ლოკომოტივსა“ და საჩხერის „ჩიხურას“ შორის გასამართი მატჩი, მასპინძელი გუნდისთვის, სატურნირო თვალსაზრისით, საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო.

მე-16 ტურამდე, სატურნირო ცხრილში ამ გუნდებს შორის სხვაობა 4 ქულას შეადგენდა.  თბილისელები 18 ქულით გორის „დილასთან“ ერთად მე-7-მე-8 ადგილებს იყოფდნენ. მე-15 ტურში, ბათუმის „დინამოსთან“ განცდილი მარცხის შემდეგ კი, საჩხერლები 22 ქულით მე-5 ადგილზე დაქვეითდნენ.

ამ მატჩამდე ერთი დღით ადრე, ტურის სხვა შეხვედრები გაიმართა. თბილისელთა უშუალო კონკურენტმა, გორის „დილამ“ „ტორპედოსთან“ ფრე ითამაშა და ლოკოსთან სხვაობა მხოლოდ 1 ქულით გაზარდა.

ჩვენი მატჩი კი, ძალიან დაძაბულ ბრძოლაში წარიმართა. პირველ ტაიმში გუნდებმა გოლის გატანა ვერ შეძლეს. სამწუხარო ფაქტი დაფიქსირდა მატჩის დებიუტშივე. მე-6 წუთზე ტრავმა მიიღო თორნიკე კირკიტაძემ და შესაცვლელი გახდა. მის ნაცვლად, ლევან კორღალიძემ თამაშში ზურიკო დავითაშვილი ჩართო.

მეორე ტაიმში, უშეღავათო ბრძოლა კვლავ გაგრძელდა. ლოკოს რიგებში შეცვლაზე ლაშა გვალია და შოთა შეყილაძე გამოვიდნენ. სწორედ, ამ უკანასკნელმა დაუდო სათავე თბილისელთა გამარჯვებას. ახალგაზრდა შემტევმა 85-ე წუთზე დავით სამურკასოვის პასის შემდეგ შეძლო ჰამზიჩის კარის აღება. ეს შეყილაძის სადებიუტო გოლია ეროვნულ ლიგასა და „ლოკომოტივის“ მთავარ გუნდში.

გაშვებული გოლის შემდეგ, საჩხერლებმა მეტოქის კარისკენ სრული შემადგენლობით გაიწიეს. ბულისკერიას საჯარიმოსთან ტრიალებდა თვით დინო ჰამზიჩიც. მატჩისთვის კომპენსირებული დრო მიმდინარეობდა, როცა ლოკოს ფეხბურთელებმა კარგად ისარგებლეს უმეთვალყურეოდ დარჩენილი კარით და ლაშა გვალიას პასით, კარის პირისპირ აღმოჩნდა ირაკლი სიხარულიძე. ლოკოს ფორვარდმა ცარიელი კარი უპრობლემოდ დალაშქრა და მატჩის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

ლოკომ ზედიზედ მეოთხე თამაში მოიგო. ამ მატჩის შემდეგ კი, თბილისელებმა სატურნირო ცხრილის მე-6 საფეხურზე აინაცვლეს და მე-4 ადგილზე მყოფ თბილისის „დინამოსთან“ 4-ქულიანი სხვაობაღა აშორებთ.

მომდევნო შეხვედრას „ლოკომოტივი“ სტუმრად, ბოლნისის „სიონთან“ გამართავს.

more news